უშბას ორი მწვერვალი (ციკლიდან - პრიმიტივები დედას
ნინო დარბაისელი უშბას ორი მწვერვალი (ციკლიდან - პრიმიტივები დედას) ქვა - იწვოდა ჩემი ცოდვით, მე - ყინულებს ვკვალავდი. რად მინდოდი, არც ვიცოდი, მოგყევ კუბოს კარამდი. გულო, როგორ დამიობლდი, უმზეობით დამიობდი? თმენა-თმენით გაიობდი? გაზრდით დაპატარავდი?! არც რამ - გადასერილია. თითქოს გადაწერილია, გრძნობა - გადაცერილია, დროა - გადამცერვალი. უხსოვარ დროს დანასევდი ახლა როგორ გაგახსენდი? ეს - ჩავლილი ამბავია, გული? - ძველი ამბარია, ცივეული აბარია, მთაა, განა ბარია! ჩემს სიზმრებში თან მაყრობ და თან “მადევსო, მწერ, ვალი”… მთლიანს შენ ვინ დაგიპყრობდა. უშბასავით - განა ერთი, ღარ-ტეხილით შენაერთი, სამხრეთის და ჩრდილოეთის - გქონდა ორი მწვერვალი. შენ - სხვა გსურდა და მე კიდე ალპურ კლდეებს დავეკიდე, შევაჯერე ქვეყნის კიდე, რის ნაშალი, რა ყორე! სიზმრის - ისევ სიზმარს დარჩეს, ასახდენებს ვინ აარჩევს, ვინ თქვას, რა კლავს ან რა - არჩენს. ყველა წყალს გავაყოლე! ფოტოზე - ორმწვერვალიანი მთა - უშბა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი