ფარისეველი
ფარისეველი
ეს ლექსი შედარებით ძველებიდან არის. ესთეტიკური კონტექსტი განსხვავებული აქვს, ამ მხრივ, უფრო ნეორომანტიზმს უახლოვდება და ჩემი ფიქრით, ძირითადად ევფონიური პლანი აქვს საინტერესო. ორიოდე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, მთელი ტექსტი სონორულ ჟღერადობაზეა აგებული. იმ დროს ( 2004) გამოცემულ მეოთხე კრებულში ვერ მოხვდა, თუმცა მაშინდელ გაზ, ლიტერატურულ საქართველოშია" გამოქვეყნებული, " ,ვიტა ბრევისში" კი შევიტანე, ბოლოში.
ლექსი ინსპირირებულია პავლე მოციქულის სიტყვებით ,,მე ფარისეველი ვარ, ძე ფარისევლისა”(საქმენი 23:6)
ნინო დარბაისელი
ფარისეველი
მაინც რა იყო!
იყო ბაღი დაუკრეფავი,
დაუკრეფავში -
- ერთი პატარა ფარისეველი.
მას არეული
და
ფარული ედო
სავალი.
დაღლამ დასცა
და
გარეულმა ლეღვმაც
დასცადა.
შენ შეიფარე
თვალებსველი,
ფერმილეული
და ფურისულად
გადაგექცა
ფარისეველი.
როგორ უარე,
როგორ ეფერე,
მაგრამ არ იყო
შენი საფერი
და ის წავიდა
და ყველაფერი
დამთავრდა,
ვითომც, აქ არაფერი.
შენ რა იცოდი,
რომ
დაბადებით დაბზარული
ასე ვიცლები.
გადის წლები და
მე
განსაცდელში
ამრევია
გამონაცადი.
ჩემში
ყოველი მომავალი
მიმავალია,
მაგრამ ისეთი
სულწასული
ვარ,
ისე ველი...
ნუ დამივიწყებ,
არც დამძრახო,
არც შემიცოდო,
მშვიდობით!
შენი ფურისულა-ფარისეველი
2004
ფოტოილუსტრაცია - ფურისულები, ანუ ფურუსულები, როგორც კახეთში უწოდებენ. ფოტო - ნატა ვარადასი, გადაღწბულია მის ეზოში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი