ქალობრიობის შვიდი ასაკი
#ლექსები ამ ლექსის ინსპირაციის წყაროა “კაცის შვიდი ასაკი” (შექსპირის პიესიდან - “როგორც გენებოთ“): ჩვილი, სკოლის მოსწავლე, შეყვარებული, ჯარისკაცი, მოსამართლე, სულელი მოხუცი და ბოლოს, მეორე ბავშვობა და უბრალო დავიწყება (სიკვდილი) ნინო დარბაისელი ქალობრიობის შვიდი ასაკი (ანუ როგორც გაგიხარდებათ) შესავალი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ბალაგანია. შევდი-გავდივართ, ვებღოტებით რამ სიმაღლეებს და სასიკვდილო ტრიუკები როდესაც გვიწევს, თავდაყირანი როცა ვკიდივართ, ჩვენ ვინარჩუნებთ სახეზე ღიმილს კმაყოფილი მაყურებლისთვის, რომელიც თავსაც არ გაუტყდება, რომ სადღაც, შიგნით, გულის გულში ეიმედება, რომ ერთხელაც ეს ბოგირი ვეღარ გაგვიძლებს და ჩაგვიწყდება და ამ წარმავალ, ამ დროებით არენაზე ასე მოვკვდებით და ერთხელ მაინც დაინახავს ჩვენს ნამდვილ სახეს. 1. ჩვილობა მის დაბადებას არ მოელოდნენ გულისფანცქალით. უკვე იცოდნენ, რომ გოგო იყო და ერთმანეთსაც ამხნევებდნენ, დიდი ამბავი, ერთით მეტი - ერთით ნაკლები, გაიზრდებაო! დაბადებული იყო თურმე ისეთი მშვიდი, გეგონებოდათ, მოკრძალებულ ბოდიშს იხდიდა არსებობისთვის და ენაც ადრე ამოუდგამს, რაღაცამ უგრძნო, რომ თუკი გშია ანდა გწყურია, თუკი სველი ხარ, ან სიცხიანი ან სადაცაა, კიჭმა ღრძილი უნდა ამოჭრას, რაკი ტირილი არ გაგივა, ჯობია, სიტყვა მიაწვდინო, ვინმე გაიგებს. (ხომ სიტყვისაა ინტიმურსა და პიროვნულს გარდა, ყველა მანძილი. მოკლეზე კი - ყალბად გაისმის! შეყვარებულნიც, თუკი მართლა ერთად არიან, სიტყვებით აღარ, შორისდებულთა და გამოუთქმელ მინიშნებათა ერთ ენაზე ლაპარაკობენ). 2. ბავშვობა ბავშვობა ჰქონდა ტკივილებით გამოძეძგილი, როგორც რუგზაკი რამ პატარა და ჭრელა-ჭრულა, ყურმოხეული და ორწვერა, თეთრი ძაფით ამობლანდული, როცა ნათესავს ერთი დღით მიჰყავს, ხოლო ოჯახი იმედოვნებს, იქნებ მეტხანს დაიტოვონო და თუ რამე აქვს ჩასაცმელი, შიგ უტენიან. ის ბავშვობაზე არასოდეს ლაპარაკობდა, იმ, თავის, ნამდვილ ბავშვობაზე, გაუთქმელობის კლიტე დაადო და ზედ შეძენილ მანერათა მტკიცე მავთულიც შემოახვია, რომ არასოდეს არ გახსნოდა, ბევრიც ეწვალათ. 3. ყმაწვილქალობა ყმაწვილობისა?! რა ითქმება? უდროო დროს გამომჟონავი სისხლისფერია. კაკლისოდენა წყვილი სარძევე ჯირკვლის ადგილას - თანდათან მზარდი გამკვრივებანი, ხმაში - უცხო რამ აკორდები. რა მოეყოლა, ონანისტებით სავსე ტრანსპორტს როგორ მიჰყავდა კვირაში ორჯერ თავისნაირთა დასანახავად? რომ ტოლ-ბიჭები არც უყურებდნენ, აკიდებული უცხო ბებრები მოქოშინენი მიჰყვებოდნენ სახლის კარამდე?! სხვაფრივ სხვებივით გოგო იყო, ვინმეზე - მეტი და ვინმეზე ცოტა - ნაკლები. სიზმრები ჰქონდა ოღონდ ისეთი, ხმამაღლა რომ არ მოიყოლება და არც არასდროს მოუყოლია. 4. გათხოვება ეს ამბავი ვთქვათ, უმჯობესია. როგორ გათხოვდა? მოწმენდილზე უცებ რომ დასცხოს, გეგონება, ზეცა გაიხა; და პირველ ღამეს ის იმდენად ქალწული იყო, ეჭვიც აკრთობდა, ვაითუ, მოხდა გამონაკლისი და მთვარისებრი აგებულების დავიბადეო. სიყვარულისა არასოდეს არ იცოდა მან არაფერი, და იყო მუდამ ვიღაც შორზე შეყვარებული, ხოლო ის შორი - შორეთშიაც არ არსებობდა და არც არასოდეს იარსებებდა და ესე იყო ღირსება მისი აწ და მარადის! 5. განქორწინება განქორწინება - ნიშნავს ბნელში ცოტა ხანს ტირილს, მაყურებელთა დასანახად უფრო დიდხანს მგლოვიარებას, სინამდვილეში გულის ფერთხვას და ამოწმენდას და სარკის ცივი ზედაპირის სიღრმეებისკენ მზერის მიმართვას - კარს მომდგარი მომავლისაკენ. ყოველი მხრიდან მოგელიან ჰორიზონტები… (აქ ჩამოთვალეთ პარტნიორთა და სექსის ყველა სახეობა, რაც გაგიგიათ, მთელი თავისი პრაქტიკული “კამა სუტრებით”, რადგანაც უფრო ადვილია, რამე წაშალო უკვე შექმნილ ჩამონათვალში, ვიდრე იწვალო სათითაოდ და წვალებაში რაღაც კარგი ანდა ცუდი, რაღაც იმა დროს მნიშვნელოვანი ვერ გაიხსენო). აქ მთავარია, ნაივურ მხარეს თავი მაჩოდ ეჩვენებოდეს და არც უწყოდეს, რომ უბრალოდ, ცდისპირი არის და ვადაც მისი - წინასწარვე მოზომილია. 6 . კლიმაქსი როცა გგონია, რომ ქალობის ზენიტში დგახარ, შენს შეხედვაზე ძველებურად იბნიდებიან, ერთ დღეს შენიშნავ თვალთა კუთხეში სიცილისას როგორ დაგემჩნა ბატისფრთისებრი ნაოჭები, სახეზე - კანი და სხეულზე - ხორციც მოგილბა. ხოლო ორგაზმით ყველა სექსი არ ბოლოვდება. ღამით ცივ ოფლში მოცურავეს გაგეღვიძება, აჩქარებული გულის ფეთქვა ყურის ბარაბანს ეხეთქება განთიადამდე. ყველა კლიმაქსის დასასრული ერთნაირია, დასაწყისი კი აქვს თითოეულს სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარს მოიხდენენ მედიკამენტებს, შენელებული მეტაბოლიზმის ამოსაქაჩად. მისი კლიმაქსი ადრე დაიწყო, როგორც ატმის ხეს, მსხმოიარეს, ქარმა დაჰბეროს და ატმები დააყრევინოს. იდგეს ხე მარტო, ამჩატებულ ტოტებს იქნევდეს და ბოლოს ის თქვას, ოღონდ გულში, “როგორც იქნა, დავისვენეო”, ხოლო ხმამაღლა არაფერი წამოიცდინოს. 7. სიბერე სარწეველაზე უდევს პლედი, ჩხირით ნაქსოვი, ნაკბეჩი ვაშლი - დაჟანგული - ლამბაქზე სადმე, ხოლო ეს სუნი მომჟაო და გულმზიდებელი, ცე ვიტამინს ახასიათებს. ო, რა კარგი ქნა, რომ წარსულში არას უგანა, წიგნის წაკითხვა- დამღლელია, თვლემისმომგვრელი; ტელევიზორი - სულ ჩართულია და სულ იმავეს იტყობინება, ტექსტი უცვლელად მეორდება, ოღონდ როლებში შემოდიან არტისტები ახალ-ახალი. ახალბედანი მუდამ ახალი რიხით იწყებენ. წამსვლელ-მომსვლელიც შემცირდა და სულ დაიკარგა. მოგონებებები - როგორც გინდა, დაატრიალე. როდესაც ცხოვრობ, ფაზლია - შენთვის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ვიდრე სიბერე მოგიკაკუნებს. მოვა სიბერე, - მომავალი ამა ქვეყნად აღარ არსებობს, აწმყო დუნეა, ხოლო წარსული - ლეგო არის, დაშლი-ააწყობ, გადააწყობ, როცა გინდა და როგორც გინდა, სულ დაადუმებ ანდა სულაც აახმიანებ, რაც მთავარია, არა მხოლოდ ჩვილს ემსგავსები, უფრო და უფრო ძველი ამბები წინ გიტრიალებს. შენი დროც მოდის. სიკვდილს ასე დაელოდები, ხოლო სიკვდილი არასოდეს სქესს არ დაეძებს. მარადისობას სქესისათვის არა სცალია. კარგია, როცა კარგად ნახმარ, გაცვეთილ სხეულს მიაგდებ სახლის ხალათივით, გასუფთავდები და საგარეო რამ სხეულში გამოეწყობი. იმდენი ნახე, იმდენ გარსში გამოიარე, ვეღარც სამოთხე გაგაკვირვებს, ვერც ჯოჯოხეთი. შენნაირებიც საჭიროა, ცაშიც, მიწაზეც. შენნაირები მარადისობის კარიბჭეებთან ანჯამების გასაზეთად გამოდგებიან. მაინც ვერ შესძლო ავმა შენი გადაბირება, ამაო იყო მისი ცდები და დაპირება. ჩემი დროც მოვა, ცის ნაპირი დაიპირება, მე - მენატრები, მაგონდები და მეტირება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
The Seven Ages of Man
All the world`s a stage,
And all the men and women merely players:
They have their exits and their entrances;
And one man in his time plays many parts,
His acts being seven ages. At first the infant,
Mewling and puking in the nurse`s arms.
And then the whining schoolboy, with his satchel,
And shining morning face, creeping like snail
Unwillingly to school. And then the lover,
Sighing like furnace, with a woeful ballad
Made to his mistress` eyebrow. Then a soldier,
Full of strange oaths, and bearded like the pard,
Jealous in honor, sudden and quick in quarrel,
Seeking the bubble reputation
Even in the cannon`s mouth. And then the justice,
In fair round belly with good capon lined,
With eyes severe and beard of formal cut,
Full of wise saws and modern instances;
And so he plays his part. The sixth age shifts
Into the lean and slippered pantaloon,
With spectacles on nose and pouch on side,
His youthful hose well saved, a world too wide
For his shrunk shank; and his big manly voice,
Turning again toward childish treble, pipes
And whistles in his sound. Last scene of all,
That ends this strange eventful history,
Is second childishness, and mere oblivion,
Sans teeth, sans eyes, sans taste, sans everything.