ჩემი ზამთრული ბედნიერება
#ლექსები ნინო დარბაისელი ჩემი ზამთრული ბედნიერება დიდმა არ იცის პასუხები ადვილ კითხვებზე, თორემ პატარას რომ შემკითხვოდნენ ბედნიერება რა არისო, ალბათ ვეტყოდი: -ბედნიერება?! ეს არის, როცა გათენებულიც არ არის და უკვე ღამეა, გარეთ - ყინავს და ყველა - შინაა და უფროსები - რაღაცაზე, გაუგებარზე მინიშნებებით, ხმადაწევით ლაპარაკობენ; ბუხარში ახლადშეკეთებული, შიშინებს ჯერაც ნედლი შეშა, გამოუმშრალი, ნაპერწკლებს ყრის და ზე იწევს ალი, დგას ზედადგარი, და ზედადგარზე - გამურული დგას ჩაიდანი, ხოლო კედლებზე იწელებიან, თამაშობენ ჩრდილები წყნარი. ხარ ტაშტში ახლად თავდაბანილი, ბაბოსხილაბანდშემოხვეული და დამპორჭყნავად გახამებულ ახლადგამოცვლილ თეთრეულში ვიდრე კარგად ჩაითბუნები, ზიხარ ბუხართან, უზურგო სკამზე თეთრი მათლაფით გიდგას თბილ რძეში ჩაჩიქული შოთის ყუა - ცოტა - მარილი, ფანჯრიდან - ბნელში - ყვითლად მბჟუტავი ნათურები შორეულები და ნათოვები გადაქარილი, ერთი წარსული - ორჯერ ერთგვარად - ვინ გაიხსენოს, ყოველთვის სხვაა ლახუსტაკი, ფერ-უმარილი! … და ამ ყველაფერს - არარსებული მოგონების ადგას არილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი