დიდი დიღმის ქარები


ლექსები

ნინო დარბაისელი

დიდი დიღმის ქარები
(გ. ლობჟანიძეს)

ზოგჯერ  მომენატრებით, დიდი დიღმის ქარებო,
ქარით შემონგრეულო შენ, ლოჯიის კარებო!

“სხვაგან თოვსო”, მომწერეს, თქვენ  კვლავ ქრიხართ ავები?
სხვაა თქვენი გრიალი, სახლი -  ნანანავები.

…გხედავ ქოჩორგაჩეჩილს.. წლებმა დაკარგა თმები?!
შემცივნული ტაქსს ეძებ, ვეღარაფრით გათბები.

არც ტრანსპორტი რომ არ ჩანს?! სულ მოკლეთი გადიან.
შენ?  გიმეტებს ყინვისთვის ქარი - ავი გადია.

ფეხსაცმელი - ტალახში, ყველგან - გადათხრილები,
დაწყვეტილი  ღილები, ჩვენ- მკერდგაღეღილები,
ქვიშით სავსე თვალები, რომ ვეღარც იხილები…
როგორ მშურდა ქალების მორთულ-დავარცხნილების,
მაკიაჟშერჩენილთა, ნაზად თავდახრილების!

ვინც არ იცის,  რა არის  ქარის - ქართან დავები,
არ უხილავს ქუჩაში მფრინავი მოკვდავები,
ფიქრი - , “რას მოვეჭიდო?! ვერსად ვეღარ დავები”,
მან  - რა იცის? (აქედან  - ქარებს ვეღადავები).

მტერი მე რას დამაკლებს,
მომდრეკს მიწის რა ძვრები!
ნემსის ყუნწშიც გავძვრები,
რკინას გავკვეთ ამ ძვლებით
დიღმის ქართა გამძლები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი