ახალი მკვდარი
#ლექსები ნინო დარბაისელი ახალი მკვდარი ახალი მკვდარი - ქვეყნად ყველას საყვარელია და მით უმეტეს, თუ ეს ხდება საქართველოში. აი, მოსთქვამენ ახლობლები, აი, დარდობენ, რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავენ, ყველა ნაბიჯი აგონდებათ, ყველა ნათქვამი და ყველაფერში გამართლებენ, რაშიაც ადრე გამტყუნებდნენ, რაც არ ესმოდათ ან შეგეშალა. აი, ყვებიან შორებლები, როგორი ახლო იყავი მათთვის, ახალი აზრით იტვირთება ნათქვამ-უთქვამი, საკეთებელ-უკეთებელი, და იხსენებენ რაიც მომხდარა, ან შეიძლება მომხდარიყო, და ყველას უფრო და უფროზე უფრო ძალიან უყვარხარ და ეახლობლები. აი, მტრებს როგორ ჰყვარებიხარ, როგორ ხარობენ, რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავენ, რომ შენს მკვდარ სხეულს თან გაჰყვება ყოველივე - საფრთხე - აქამდე მოსალოდნელი ან სრულიად მოულოდნელი და ყოველგვარი საშიშროება - შენი ამქვეყნად არსებობისა. შენი სხეული, როგორც იქნა, ასე მოვლილი და მორთული, წევს მოსვენებით. მუსიკაა და ყვავილები, შენც იქ ტრიალებ ზემო-ზემოთ და გიხარია, რომ სადაცაა, იმ შენს სხეულს ასწევენ და გაასვენებენ, მიიტანენ, ჩაასვენებენ, მიწასაც ბლომად დააყრიან, დაატკეპნიან, ამობურცულზე ყვავილებსაც დააწყობენ, სათითაოდ ყელმოტეხილებს, ღერდამტვრეულებს, რომ საფლავიდან ახლა სხვებმა აღარ წაიღონ და ხელმეორედ არ გაყიდონ ამა საქმეთა ღვაწლმოსილმა მიმდევრებმა, შენ კი - აიდ-ა-ა-ა! ძლივს გაეცალე აქაურობას, ძლივს მოიშორე ის სხეული, ბარგი მუდამ თანსათრეველი, მუდამ თავნება, ხიფათებში შენი მხვეველი და თავისუფლად დანავარდობ, როგორც სიზმარში არაერთხელ გინავარდია. მერე - რაც არის, რაც ყოფილა, როგორც ყოფილა, ისეა და ისეც იქნება. ვისაც ჰქონია - - იმისია ისევ იქ ნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი