საშობაო - აბა, რაო
ფბ-მ შემახსენა, ძველია რა ვქნათ, ძველით შობა ვიზეიმოთ თუ ახლითო? ძალიანაც ნუ გაიწვალებთ თავს ამაზე ჯავრით, რადგან მაცხოვრის მიწიერი შობის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. არც წელიწადის დრო. ეს ყველაფერი - პირობითია. პირობითობას მისდევს ეს ლექსიც. ნინო დარბაისელი საშობაო - აბა, რაო! - - - - ქარი ქროდა, ციოდაო, ყინავდაო, თოვლმა მიწა თეთრად მოამთაბარაო, ღელავდაო, თურმე, ყველა სულდგმულიო... - სასწაულის მოლოდინში, აბა, რაო! - გარეთ ძაღლიც კი არ გაიგდებოდაო, ცეცხლთან იჯდა, ვინაც ხნა და დაბარაო. კეთილ პატრონს მიელტვოდა ყოველიო. - შეყუჟულან ჭერქვეშ ერთად, აბა, რაო! - ბეთლემს, თურმე, ქალმა მოილოგინაო, მამა ღმერთმა შვილი მას მიაბარაო, დისა მჯობი და იყავ და დედაიო. - და ბაგაში ღმერთი იშვა, აბა, რაო! - აურაცხელ წყალობაზე წყალობაო ზეციერმა ჩვენთვის გადააბა, რაო, ცაზე გაჩნდა უცნაური ვარსკვლავიო. - ბეთლემისკენ გზას დაადგა, აბა, რაო! - სამი მოგვი თან გამოჰყვა სათაყვანოდ და ჰეროდემ, იცი, რა დააბარაო? აქ დაბრუნდით, მეფის ამბავს მოველიო. - ცუდს ლამობდა, მიხვდებოდნენ, აბა, რაო! - არა ამცნეს, ყრმა გადარჩა, უცოდველმა ღმერთთან ჩვენი ცოდვის ვალი გაბარაო, იმ წამებით ზეცად ამაღლებულაო. - სასუფევლის გზა გაგვიხსნა, აბა, რაო! - დე, მარადის შობის მადლი გვფარავდესო! თუ დავრჩებით როსმე ღვთის ანაბარაო, ეს გვერჩიოს ქვეყნად ყველა ანაბარსა! - გადავრჩებით, გადავრჩებით, აბა, რაო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი