ბაიკა. ომი. უბიჭკაცობა
#ლექსები ნინო დარბაისელი ბაიკა. ომი. უბიჭკაცობა საგვარეულო მემკვიდრეობად დიდედაჩემი სოფოსგან მერგო ბაცი ცისფერი და ვარდისფერი, მოპირისფრო, ჩინური, ატლასშენარევი, წელში ჩამჯდარი, მუხლისთავების დამფარავი, შიგნიდან კარგად დაბამბული, ერთი დუჟინი, ანუ როგორც ახლა ვიტყოდით, თორმეტი ცალი “ბაიკის” ტრიკო. თან გამაფრთხილა - ნამზითევია, სხვისთვის ვერაფრით გავიმეტებ, ისიც ეყოფათ, რაც დარჩებათ, ჩუმად წაიღე, შენ დაგმშვენდეს, მზით გაცვითეო! ო, ის თაობა ჩვენამდელი, იმათამდელი! - მთლად გულუბრყვილო და გულმართალი. ო, ის ქალები, სულ უკეთესი და ნათელი ცხოვრების ლოდინს მიჩვეულები, მთმენელნი და ლუკმის მომკლებნი, საუკეთესო ყველაფრისა - შეძლებისგვარად მომგროვებლები, მთელი ცხოვრება შინ კიდობნების და ვიტრინების გამომჭედელნი და ვერაფერს მოსწრებულნი, ჩვენი ნატრულნი! 2. გვიანსაბჭოურ პერიოდში ეს იყო ჩვენი სადაქალოს თავშესაქცევი. გამოვიტანდი ჩემი სახელის დღეობაზე, მივიზომებდით და სიცილით ვიხოცებოდით. აი, დაინგრა საბჭოეთი, გადავიტანეთ ან რადგანაც ცოცხლები გვერქვა, ასე გვეგონა, გადავიტანეთ სამოქალაქო ომი, ომები, თბილისის ნგრევა და ჩაბნელება, უტრანსპორტობა, უპურობა, უფულობა, უიმედობა, უშუქობა და ზამთარში, ნინოობას, სადღაც ნაშოვნი ნავთის შუქზე როცა ისევ შევიყარენით მოძაგძაგენი, ერთს გაახსენდა: -გოგო, ბაიკის ტრიკოები რა უყავიო! გამოვათრიე საწოლქვეშიდან დიდი პარკით და თითოეულს ორ-ორი შეგვხვდა - ერთი ცისფერი, ხოლო მეორე ვარდისფერი. რა გოგოებზე გიყვებით, იცით? როგორც ამბობდნენ, ესენი იყვნენ თავის დროზე ქალაქში მოდის შემომტანები. ვიჟრიამულეთ, ამოვიცვით ზედ ტანსაცმელზე და ოთახში მიმოვდიოდით ჩვენ გაბღენძილ-გაჭიმულნი გენერლებივით და ერთმანეთს გენერლურად ვესალმებოდით. რა მეამაო! - თქვა ჯობავამ, გადამყიდველმა, ეს ოხერი რომ მაინც ყველაზე გვიან თბებაო. თქვენი არ ვიცი, მე კი, იცოდეთ, ამიერიდან ამის გამხდელი აღარა ვარო! ეს ის დრო იყო, შინ - ნავთის სუნი - სიმყუდროვედ და სიმდიდრედ რომ მიიჩნეოდა; გარეთ შემხვედრის ხელებზე, თმებზე, ტანსაცმელზე სუნი ესე რომ იყო დიადი ფუფუნება და ამ გამჭვარტლულ ფუფუნებაში მთლად კნინდებოდა, იკარგებოდა, სიძველის სუნი ნაფტალინური. 3. ჰო, ასე იყო! ჩემს სადაქალოს მთელი ოთხმოცდაათიანები სოფოს ნამზითვმა იმ ბაიკებმა გაგვატანინა, გაუთავებელ პანაშვიდებზე განდობილი გაღიმებით ჩათბუნებულ თეძოებზე ხელის ჩამოსმამ, ჩაჩურჩულებამ: ,, ამის შემქმნელმა გაიხაროსო!” “მერე, ბიჭები, ბიჭებიო?!” გითხრათ იმათი?! ჩვენი ბიჭები, საუკეთესო ჩვენი ბიჭები - ომში წავიდნენ და ცოცხლები აღარ დაბრუნდნენ და ვინც დაბრუნდა, თავის თავს ვეღარ დაუბრუნდა ვეღარასოდეს. ვინც არ წავიდა ან ვერ წავიდა, იქწაუსვლელის, შინგაძლების ცხოვრება ერგო - ლუკმა - მწარე და თვალი - სველი. ვინ იცის ამ დროს ვის რა მოელის! ჩვენ უბიჭკაცო თაობა ვართ, შვილების მარტო დამზრდელების, ანდა უშვილოდ, კვირტად მჭკნარების, სულით და ხორცით მშივრების და გაუხარების, შავგაუხდელის. შავი ფერი - ჩვენი ფერია. თუმც არ მაკლია არც ბარაქა და არცა ხვავი, არ მაბადია შენახული არც რამ ნიფხავი მე სამომავლოდ. ან რად მინდა, აბა, მითხარი, თუმცა ჟამია, ვერ გაუგებს ვერც რას მკითხავი. კარგუნახავი ოკეანის გაღმიდან ვხავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი