ქვეყნის კიდესთან


ნინო დარბაისელი სტრონი

ქვეყნის კიდესთან

(“მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო”- ტ. ტაბიძე)

ახალციხესთან - ქვეყნის კიდესთან მარტო მდგომი დაგცქერი, მტკვარო.

შენ მდინარეო, სამშობლოს გულის გადამსერავო,
ვინ იცის, მტკვარო,
უცხო ქვეყნიდან ჩვენში რა ჭირს მოეზიდები.
პლასტმასისა და პლასტიკატის  კონსერვატიულ ჭრელა-ჭრულაში,
ამ მოტივტივე ნიაღვარში მეღა გაკლივარ!
რომაც გადმოვხტე, ისე მატარებ თვითწმენდამდე,
არც გამოჩნდება  ქალის პატარა, თეთრი სხეული;
თუკი თევზები შემოგრჩენია,
ისე მომიწევს შენში ბიოდეგრადაცია,
ვინღა გაარკვევს, რაა მიზეზი,
ის, რომ სიცოცხლე მომეწყინა
თუ  ფეხდამცდარი ქიმიურმა ნარჩენებმა, 
მაგ შხამიანმა წყალმა მომწამლა
ან ასფიქსია დამემართა  ცურვის არმცოდნეს და ნაპირამდე ვერ გავაღწიე.

აღარ ვარგიხარ, მტკვარო, პოეტი თვითმკვლელებისთვის, 
შენ თვითონაც ხელში გვაკვდები,
არავინ ვიცით, რით გიშველოთ,
როგორ გიშველოთ.

ქვეყნის კიდესთან მარტო მდგომი დაგცქერი, მტკვარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი