ჩამოტარება


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩამოტარება

(ეს ფეისბუქ-მკითხველისთვის ცოტა მძიმე, ძნელად გასაგები ლექსია. მე არ მოვცდებოდი წაკითხვაზე. ახლა კიდევ იმაზე იმტვრიე თავი, რა კარუსელი, რა დროის  სპირალი!
ვდებ ერთი ახლობლისთვის, რომელთანაც  ადრე ამ თემაზე საუბარი მიყვარდა)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩამოტარება

რაღაც  ტრიალებს და ჭრიალებს
დაუზეთავი 
 და ჩავლილ ამბებს,  
ჩავლილ ტკივილებს, 
ადამიანებს, 
ვინც კი ოდესმე შეგხვედრია,
ურთიერთობებს 
ყოველ ჯერზე ასაწყობებს, როგორც გიტარებს, 
რამდენჯერმე ჩამოგიტარებს.

თუკი დაიცდი,  
ამ კარუსელზე ყველას შეხვდები,
 ლომს,  ბატკანს, ცხენებს,
ანდა  აქლემს  და  სირაქლემას,
ანდა  კარეტას,
ორადგილიანს, 
ყოველ მათგანზე -
ხელმოსაჭიდით,
- ჩამოშვებული  რკინის მილებით.

 
“- მე დავინახე, 
 როგორ ნელა ჩამოგატარა, 
მაგრამ რა მექნა, 
 შეუკუმშავი დროის სპირალზე
 ვტრიალებდი,
ამასობაში ჩაიარე და ერთმანეთს ასე ავცდითო!”.


2.
- დაშლილ საათში ჩაგიხედავს? - 
იქ ზამბარები ერთმანეთში მუდამ რიტმულად  რომ გადადიან.
მაგრამ რაღაც გადაქოქილა, 
რაღაც გამწყდარა თუ დაშლილა
 და  ხელოსანიც გახსნის, 
ჩახედავს, 
შავ, მრგვალლუპიან თვალს უიმედოდ გადაატარებს  და თითქოს მიდის, 
უკვე დგებაო, 
გულგრილად გეტყვის,
 აჰა, წაიღე!
ეს ბზრიალები სათამაშოდ  გამოდგებაო.

ის წიკწიკებდა, 
ტრიალებდა
ერთად  ვუცქერდით და  ვერ ვამჩნევდით  
მომტყდარ კბილანებს,
ჩანაკბეჩებს და ნაპირალებს!
  
ვინ დაეხსნება  დროის სპირალებს
და ვინ შეამჩნევს: 
ზეცა - სველია, 
წინ  -  მოჭრიალე კარუსელია.

ეს არის ყოფა:
მიწყივ  ტრიალი და ხეტიალი.
ამასობაში გადის ცხოვრებაც - ოხერ- ტიალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი