როცა დავტოვე
ნდს როცა დავტოვე (ესეც ნაწილობრივ დამუშავებული ფრაგმენტია ფაილიდან, მთლიანად - არ ვარგა. არ გამიკვირდება, მოგვიანებით რომ აღმოჩნდეს სხვა ლექსის ნაწილად გამოყენებული). მე რა ვუთხარი, გახსენებას რაღა აზრი აქვს. ვეტყოდი რამეს, თაფლგარეულს, უვნებელმყოფელს. როცა მოიცლი, ხომ მიკითხავო? - ჰო, ერთი ეს თქვა და მერე გვერდზე გაიხედა, ზედაპირებს თვალი მოავლო, თითქოს, რამე ხომ არ რჩებაო, თითქოს ვიყავი კომპიუტერის დამყენებელი, საქმეს რომ მორჩა, ინსტრუმენტები ჩაიბინავა და ის-ღა დარჩა, კლიენტს ხელი მოაწერინოს საგარანტიო ქვითრის ბოლოს, რომ ნამუშევრით კმაყოფილია და ინსტრუქციას კარგად გაეცნო, ბარათიც მისცა, რომ პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდეს… მიყვარდა ხოლმე, ტყვიისფერი რომ უხდებოდა ის თვალები სიბრაზისაგან, როგორ მინდოდა, დამეჭირა ის გამოხედვა, მან კი, გულგრილად, უბრალოდ, გვერდზე გაიხედა, როგორ მინდოდა, იმის თვალებზე ოდნავი ცრემლი შემენიშნა, ან ხმას იმისას დატყობოდა გაბზარულობა, ან ეყვირა, ან ხმისთვის მაინც აეწია, ეთქვა, რომ არის გასაგები, მაგრამ არის უსამართლობა, ან რამე ექნა, ხელით ქაღალდი მოეჭმუჭნა, ფესაცმლის წვერით იატაკზე წრეწირი მაინც შემოეხაზა, ბოლოს და ბოლოს, ადგილიდან განძრეულიყო! თითქოს ეს წასვლა კი არ იყო, გახედვა იყო, როგორ მინდოდა, გვეღრიალა… და ერთმანეთს საბოლოოდ ჩავხუტებოდით… გვიან გავიგე მისი ამბავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი