ფეხი. პეკონი. ჰაიკინგი
#ლექსები ნინო დარბაისელი ფეხი. პეკონი. ჰაიკინგი დამოიდარა. მზეა თითქოს, მაგრამ მაინც ქარნი - ქარობენ. თოვლი - დნება და მიწა - რბილდება. უკვე მომწყინდა უქმად შინ დება, წყვილი აქ - მარტო - არ შეშინდება, გამომსვლელები - ჯერ გამოსვლას არა ჩქარობენ, ფოთლები - ახლადგამომშრალები ფეხქვეშ ჩქამობენ. ტყე რომ ცოცხლდება, თავსაც გადირევს. ჯერ კი ბუნაგში ნაზამთრალებს სძინავთ ნადირებს, სიმშვიდე შარდის სუნმა არია, მე გეუბნები: - ნაირმალია, მერქნებს ეტყობა, ირმები სადღაც, ახლოს არიან, შვილი - ნელია, სამალია, დედა - მალია! გამხმარ ტალახში გამოიცნობ იმათ ფეფუკებს და ციყვის კუდიც - უეცარი - მაღნარებში გაიფაფუკებს. ბილიკზე - მკვდარი ლურჯი ჩიტი ხის გეგონება, შენ მეუბნები: - ხელი არ ახლო! ამ დროს მჩვევია შენი სიტყვის არგაგონება და ჯოხით ვმარხავ რბილ მიწაში, ბილიკთან ახლო. ნეშოში ყრია დამტვრეული აქ პეკონები. შიგ - ერთ მთელს ვეძებ, ძველ მოლაშქრეებს მივსდევ გონებით, შენ - გეღიმება, გართობს ვიღაცის მონაგონები: - რა - პეკონები და გვირგვინად - ხმელი კონები! (კიდევ ცოტაც და ვერ მოვითმენ, ჩაგეკონები!) - სუვენირებშიც ასაღებენ, უჭირთ - ფულია!ვერ იშოვიან? - ეს ბიზნესიც დაღუპულია… და ასწრებ მხოლოდ, დამიძახო: - მოლიპულია! … წამომაყენებ. ღონიერ მკლავზე ნდობით სავსე ჩამოგეყრდნობი, გავტოპავთ ტალახს - ძლივსგადასალახს. ვიცი, ჩამიყვან ბილიკის თავთან და გზაც გათავდა! შორს ხომ არა ვართ, ხალხი დაგვხვდება. შენ მეუბნები: - ცრემლიც გიხდება! მე გეუბნები: - რას იზამ, ხდება! არც პირველი ვარ მე და არც ბოლო. კი ვერ ვიპოვე, რომ მეჭამა პეკონ-სიმბოლო, რაც მთავარია, კარგად გადავრჩი. აი, პეკონი რომ მეპოვა, რომ გამეტეხა და შემეჭამა, განსაცდელამდე რომ მომესწრო - ერთი პეკონით… ფეხშეხვეულზე გეტყვი მერე დაწყნარებული: - ნუ მიენდობი მთის მდინარეს, ზაფხულობით ძლივს რომ მოწვეთავს, გაზაფხულობით - მთაში როცა თოვლი დადნება, აღარ დადგება, ჩქარი დინებით ნაპირები გაიტლიკება ერთსაც იწვიმებს და და მის გრუხუნში ჩაიკარგება შიგ ჩადენილი ნაკადულების და წყაროების ალიკლიკება. ესეც - მოთელვა, ვიკმაროთ ელვა, დასანახი ხომ დანახულია. და დასამარხიც - დამარხულია. წინ - დიდი დროა, ჯერ ადრიანი გაზაფხულია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი