ოქტომბერი. თბილისი (გიორგი ლობჟანიძეს)
ოქტომბერი. თბილისი
(გ. ლობჟანიძეს)
ჩვენი შეხვედრა,
უეცარი ჩვენი შეხვედრა!
ახდა ყოველი,
ღმერთს თუ ვინმე რას შეევედრა!
ციდან ცვიოდა წვიმა - არა, ოქროს
წვეთები,
ქარი არ იყო და ბეღურებს ჩვენ ვაფეთებდით,
აფრენილები ერთად ცისკენ - რა აღტაცებით!
გაკვირვებულნი გვიცქეროდნენ ახლოკაცები:
- რა წიოკია,
თითქოს ერევა სადმე ასს - ერთი,
რა დაემართათ,
რა ნახესო,
რა სჭირთ ასეთი!
რა არ გვსმენია,
განა რამე საყვედრიაო,
ვინ არ წასულა,
მოსულს ვინ არ დახვედრიაო,
რამ გადარიათ,
ამისთანა რა ხვედრიაო!
და შემოდგომის ოქროსფერში,
ოქროს ჩარჩოში,
როგორც ძვირფასი რამ,
ქალაქი - ქალაქის თავზე
ეკიდა ჩვენი ცრემლებით და სიცილით სავსე.
ჩახუტებულნი იდგნენ დიდხანს ქალი და ბიჭი,
ირგვლივ გამვლელებს არ უცვლიათ ნირი ან ბიჯი,
არც შეუნიშნავთ უეცარი ეს აცეტება,
არც ოქროების შეუნიშნავთ ციდან წვეთება,
და არ უგრძვნიათ, ირგვლივ ყოველი როგორ ინთება.
არც გაუგიათ ჰანგი დიდი,
დიადზვირთება.
ყველას თავის სამყოფარი ერგო კირთება,
ყველა გამვლელი თავის საფიქრალს
ჯაჭვებით ება,
სიმრუმით ება.
სიმძიმით და ლაგამით ება!
ქალაქი იყო - ტიპობრივი,
ჩვეულებრივი,
ორი პოეტის შეყრა - მისი გადამითება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი