თავნატირალი - გიორგი ლობჟანიძეს
თავნატირალი #ლექსები ვიპოვე და ფინალზე ძალიან ვიხალისე. როგორ ჩანს ჩემი პიროვნული ხასიათი! არ მახსოვდა, სერიოზულად დავიწყე კითხვა და ვიფიქრე, რა უბედურებაა ეს! რა ვაი- ვუი ამიტეხია-მეთქი და ფინალში გადავყირავდი. რომ დავწყნარდი ბოლოს, მივხვდი, კომპოზიცია მომიფიქრებია ასეთი - მაქსიმალური გრადაცია და მერე ტვისტი ნახტომში???????????? ვინც ლექსმცოდნეობით ტერმინებში ვერ ერკვევით და არც უნდა ერკვეოდეთ, მათთვის ასე ავხსნიდი: - აი, მთის მთლად წვერზე რომ ახვიდე, დადგე და მერე უცებ თავით, ტრიალ- ტრიალით გადმოეშვა. კიდევ რა უჭირს, თუ დაბლა წყალია და თან ცურვაც იცი???????????? Giorgi Lobzhanidze ნინო დარბაისელი თავნატირალი - - - - - - - (გ. ლობჟანიძეს) ვაი სათქმელო, მოგვიანე გამვლელებისთვის ამაოდ გაწვდილ ხელისგულზე დადებულო, ხან კონტექსტიდან სადღაც, გაღმა გადატანილო; ანაგრამებო, მილიგრამობით ნაწვეთებო და ლექსებში დამარხულებო! ვაი, სიტყვებო, ჩემს ლექსამდე არარსებულნო, ჩემი ნაკვნეტი ენის წვერზე დაბადებულნო! ეპითეტებო, მოკვიმატო მეტაფორებო; თქვენ გაწეწილო რითმებო და მონორითმებო! ვაი, ბგერებო, ვაი, სუნთქვავ და შეგუბებულო სიჩუმეებო, ერთმანეთთან, როგორც შემეძლო, ისე შერთულ- შეხამებულნო! ვაი თქვენ, ჩემო სტრიქონებო, ბავშვობიდანვე ნაზომ-ნაწონო, და უფრო კი, ვაი თქვენ, მთელო სტროფებო და სტროფოიდებო, ჩემგანვე ცივად გადახზულნო, ლექსმიღმა, ხრამში ჩაჩეხილნო, სულ იმის გამო, რომ ზოგჯერ რაღაც, თქვენზე მცირე თქვენზე მეტად და უმჯობესად მეჩვენებოდა. და ვაის-ვაი, შენ - მკითხველო გზაარეულო, ჩემ კარს მომდგარო, პეშვი წყალიც რომ ვერ შეგასვი ლექსისთვის მაშვრალს და ამაოდ ჩიტის მწველავმა დასაპურებლად ხმიადიც რომ ვერ მოგიძიე; და კიდევ უფრო ვაის-ვაი, შენ მკითხველო წარმოსახულო, თურმე ჩემთვის არგაჩენილო და არყოფნაში ჩარჩენილო! და ვაის ვაი და ავაჰ-მე უშველებელი! - შენ, თავო ჩემო, შე საწყალო, რომ წერაზე ამაოდ დაშვერ! და ახლა, როცა წყალ-მეწყერსაც გადაუვლია, ხავილისაგან ყელამოჩხაპნილ თავს ვუღიმი მრუმე სარკეში. მე და საწყალი?! არ შეიძლება გულში მეტი დარდის შეშვება, ფეხზე ვიკიდებ ამ ყველაფერს. რა ადვილია - ფეხზე ვიკიდებ - გულზე მეშვება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი