თევზები - ჩემი ზოდიაქო


თევზები - ჩემი ზოდიაქო

მეტყვი “სასტიკო”, 
მეტყვი “ცელქო”, 
მეტყვი “სულელო”
ან არაფერსაც აღარ მეტყვი, 
მოგწყინდა რადგან.

შემოიტანონ
ყვავილები და გვირგვინები
და თუკი სადმე ადგილია, 
თვითონვე დადგან!

გახსოვს ოპერის მომღერლები 
ტელევიზორში?
როგორ გვიყვარდა ხმის გათიშვა
და ისე ცქერა.

იჭაჭებოდნენ სიჩუმეში
 და ვხარხარებდით…
 არც არაფერი,
მოგონება 
გულს დაეძგერა!

სასაცილოა, როცა სხვები
ხელფეხს იქნევენ, 
ცეკვავენ გრძნობით,
მაგრამ მნახველს არ ეყურება

მუსიკა იგი და შეშლილი
ჰგონია ყველა, 
 ფიქრობს,  რა სჭირთო,
დამართიათ რა  ახურება!

გინდა, მთვარის სხივს დავეკიდოთ და ვიქანაოთ?!
გინდა,  მთლად წყალში გავცუროთ და 
ვიქცეთ თევზებად?!

მხოლოდ დავყრუვდეთ?!
დავბრმავდეთ და 
დავმუნჯდეთ კიდეც!
ჩვენი ბრალია?!-
- თევზებს პირი წყლით თუ ევსებათ!

არეული ვარ, მარტი მოდის
და ყინვებია.
ამ სიცივეში  რა  ჩანს განა,
 რა უნდა ვაქო,

ბუხრის წინ ვზივარ,
და ჩათბილულს ნუღარ მეძახი, 
ნუღარ მომიხმობ, “სადა ხარო” 
ან “მოდი აქო”,

იყინებიან ღრმა ყინულში
წყლის ბინადარნი.
წყალქვეშ -  ქალია,
ტანშიშველი და   ულეჩაქო,
ხმა მომდის მისი,
მისი ანდა არც არავისი.
ხმა  - საარაკო.

თევზები - ჩემი ზოდიაქო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი