კაშხალი და კოხშინშხალი
#ლექსები ნინო დარბაისელი კაშხალი და კოხშინშხალი (ციკლიდან - ეტიუდები) კაცის ხელი - ქალის ხალი, სიყვარული - ნარისხალი. დაგავიწყდა? - ხარ ის ქალი. ბედის დანახარისხალი. გახსოვს - ძველი ის კაშხალი და კაშხალთან - ქარიშხალი? არ ეკმარა ის ჩინჩხალი, წამოვიდა კოხშინშხალი. კაცის - ხელი, ქალის - ხალი. სიყვარული - ნარისხალი. — - - * კოხშინშხალი - მინდოდა, ლექსში ,, გადამერჩინა” ეს კარგი ქართული სიტყვა. ნიშნავს ზამთრის ქარიშხალს, თან ყინულებს რომ გაყრის, ძვალში რომ ატანს. ** ჩინჩხალი - შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა (ლ. ასათიანი. “ყაყაჩო”) ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… …ანუ ნაპერწკლები შემომაყარაო. ჩინჩხალი - დასტურდება ალ. ჭინჭარაულის ,,ვაჟას მცირე ლექსიკონშიც” და ნიშნავს ცეცხლის ნაპერწკალს. ჩემი ფიქრით, არაა გამორიცხული, ეტიმოლოგიურად ქარიშხალი ,, ქარჩინჩხალს” უკავშირდებოდეს, მისი ამპლიფირებული ანუ გაძლიერებული ვარიაციაა კოხშინინშხალიც (ანუ კოხ-ჩინჩხალი) სადაც კოხი - ქვას, სეტყვას ნიშნავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი