გათელა
ნინო დარბაისელი გათელა ვიცნობდი სალმით, მხოლოდ შორიდან, ემტერებოდა ბევრის მათ ენა, სდევდა მარადი მართალ-ჭორი და ამბობდნენ ,,ტრფობამ ფეხქვეშ გათელა!“ ,,-ნათელში - ჭია არის უბრალო, ბნელში ანათებს ციცინათელა,..“ კაცის ამ სიტყვამ შექნა უბრადო, ქალი-ყვავილი - ფეხქვეშ გათელა. ქორწინება და განქორწინება, რაკი ნათელმა ვერ ინათელა, დასრულდა, ბედმა როგორც ინება. ტრფობამ კი არა, ყოფამ გათელა. ამბობენ, მარტო რომ დაიგულა, კაცმა მის კართან ღამე ათენა, უბეში ჰქონდა თან თაიგული, გაუწოდა და ქალმა გათელა. ,,ქალღმერთად გთვლიდი, შენთან რა იყო ან აფროდიტა, ანდა ათენა! მინდა, კვლავ შენი ყოფა გავიყო...“ ქალმა - ყვავილი ფეხქვეშ გათელა. კონა ყოფილა, ალბათ, იების, არა - ვარდები - ვეებერთელა.. არშენდობის და არპატიების ნიშნად კი ქალმა ფეხქვეშ გათელა. კაცს აქანებდა თურმე პირქარი და იხრებოდა ალვა და თელა, ქარს მოჰყოლია ხსოვნა იმ ქალის... (ვინ იცის, იქნებ არც კი გათელა) რა რას ამართლებს ან რა რას გაბრის რით გატეხილი - რამ გაამთელა! ესმოდა სუნთქვა ღერი სუსამბრის, ხოლო იები - ფეხქვეშ გათელა? მისგან ვიწავლეთ რიდი და კდემა, ყოფის წყვდიადში მან გვისანთელა, გამოიგლოვა მთამა და კლდემა, და ფრთებით ცაში ნისლი გათელა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი