ანატორი


ნინო დარბაისელი

ანატორი

აკლდამები - შორთა შორი,
ძელი,
ძვალი ძველისძველი
და აკვანში - ჩონჩხი ჩვილის
და აკვანზე დამხობილი ჩონჩხი დედის, ზედ დამკვდარის,
ისევ არის?
ისევ უვლის შორით არეს
ცის ფრინველი და ნადირი?
ისევ ისმის ღამ-ღამობით ხმა, სამარხზე დანატირი?

თუნდა მომხვდურს ხმლით მისდევდე,
შეაჯერო ქვეყნის კიდე,
თუნდა იჯდე საფიხვნოზე
ან მთის ფერდზე სამკალს მკიდე,
თუნდა იყო ჭაუხებში ხარ-ირემთა გადამკიდე,
თუ დაგრია ჭირმა ხელი, სოფელს ცოცხლად გაერიდე!
აკლდამისკენ  გზა იცოდე,
იყავ, როგორც ქვა და ლოდი,
სიკვდილს მარტო დაელოდე!

რად მომგონდი, ქვავ ნაწყობო,
ქვავ ნაძლებო,
ქვავ ნაშალო,
ჯავრი როგორ მოვიშალო,
თუ მთას  ჩემი შერჩა სული?
დღეში ორჯერ მზეჩასული,
წამომშლელი წარსულ სენთა
რა ჯანდაბად გამახსენდა
ანატორი,
ანატორი,
შავი ბედის დანატორი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი