ტრანზიციები
#ლექსები ნინო დარბაისელი ტრანზიციები როდესაც მოვა მხსნელად ვინმე, დილეგიდან რომ გამოგიყვანს, შენ, სიბნელეში ამდენხნის ნამყოფს მზის სინათლისთვის თვალი რომ ვეღარ შეგიჩვევია და გეცრემლება, როცა ბორკილებს აგყრიან და თავისუფლების გრილი სიოთი ფილტვებს აივსებ, იხარე გულით, და იამე ეიფორია, …მაგრამ იცოდე, წინ ჭაობია, ავი ტბორია, რომ ეს - უბრალოდ, ტრანზიციაა - გარდამავალი, მოკლე ვადა უწონობისა - პირველისაგან გამოხსნიდან - მეორეს ხელში ჩავარდნამდე. ოღონდ მეორემ რაკი იცის, რა გზებით გიხსნა, შენი გაქცევა და დაკარგვა რომ გამორიცხოს, იმ გზას ბოლომდე ამოგიქოლავს, და ჯერ უშუშარ ნაბორკილარზეც უფრო მძიმე ბორკილს დაგადებს. ამბობენ, როცა ნადიმია, ბატონებს უყვართ დილეგიდან ვინმეს გაყვანა, ვინმესი - მათი მაქებარის და ხორცშერჩენილ ნასუფრალსაც მიუგდებენო, ამბობენ, მათი მოენეაო, მშვიდობა ასე ნარჩუნდებაო, ამბობენ ძველი და ახალი ბატონები მოყვრდებიანო. უყვართ ბატონებს დამოყვრება. საყოველთაო მშვიდობისათვის მზად არიან, პირადი ყოფა ყველასათვის - მსხვერპლად გაიღონ! ეს ყველაფერი - ზემოთ ხდება. შენ არ გეხება, შენ - თავს მიხედე და გიხაროდეს, რომ ცოცხალი ხარ და რომ არავინ შეგეცილება, რომ დაიკავოს დილეგი - შენი თავშესაფარი! და თუ სიცოცხლე როცა ჩაივლის, რამე კუბოსაც ეღირსები, დაიმახსოვრე, არც შენს კუბოში არ ჩაწვება ნაცვლად არავინ! ტრანზიციები, ტრანზიციები, აღარ ვენდობით აღარაფერს, ჩვენ - ცაციები, ვიღას ელოდოს გული - ლოდინით განაციები? კარგი გეგონე, მაგრამ თურმე ვყოფილვარ ავი?! აი, ესაა აზრი ჩემი დაუფარავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი