ვახშმისპირული პუანტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვახშმისპირული პუანტი*

                      (ციკლიდან: ეტიუდები)

 -რაღაც, ბოლო დროს ჩავტკბით ძალიან,
ხომ არ ვბერდებით, ჩემო მეფეო?
ერთმანეთისთვის უფრო გვცალია,
გვინდა, ერთმანეთს უფრო ვეფეროთ.

რამდენი ვღვარეთ ცრემლი და ოფლი,
დღიდან, პირველად ხელი რომ მახლე!
შენ დამაჩვიე თამაშს დედოფლის,
რაც ნიშნავს, ვიყო შენი მოახლე.

მეუბნებოდი: ,,ხომ არ დავშორდეთ,
ვიცი , ბოლოსკენ გაგაწამებო",
სადარდელიდან -სათამაშომდე
ვრცლად გაფენილა ჩვენი სამეფო.

ბევრჯერ ვიდექით მწვერვალზე, გველის
ბევრჯერაც ყოფამ შეგვასვა შხამი....
წინ?! - გვიცივდება, სუფრაზე გველის,
დიდებულია ჩვენი ვახშამი! ..."

ასე ვხედავდი აწმყოს შორიდან -
- იმ იდილიას ჩემსას და შენსას.
ცალ-ცალკე ველით სიკვდილს ორი და
შესანდობარი რომელმა შესვას! 

- - - - - -

* პუანტი - მხატვრული ხერხი - მოულოდნელი ფინალური  ბრუნი ამბის განვითარებაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი