ქვიშის საათი. საიკიკი
#ლექსები ნინო დარბაისელი ქვიშის საათი. საიკიკი ამ ცხოვრებაში თუკი ვინმესი შემშურებია, ეს იყო იგი - ჩემივე ფსიქოთერაპევტი. უცნობილესი დოქტორი ფილი, შემოკლებით ჩვენში “საიკიკს” რომ ეძახიან. ვფიქრობდი, აი - სამუშაო! - შენ ზიხარ შენთვის, ბინასავით ლამაზ ოფისში, მყუდრო შუქში და წამსვლელ-მომსვლელი არ გელევა, გაქვს მაგიდაზე ქვიშის საათი და ვიდრე ქვიშა ჩამოიცლება, ის - ლაპარაკობს, შენ კი - უსმენ. უზიხარ ზურგით, არც უყურებ, არც რჩევას აძლევ, ბოლო ნამცეციც რომ ჩავარდება, მეგობარმა, (სიტყვა ,, პაციენტს” არ იყენებენ), თვითონვე იცის, რომ თავისი დრო ამოიწურა, ორას დოლარს ჩეკზე გამოწერს, დაგიტოვებს, ერთს გაუღიმებ და შემდეგი ვიზიტისათვის შენს მდივანთან ჩაეწერება. როდესაც ყველა გაიკრიფა და მარტო დავრჩით, ცოლმა მოიხსნა მედიდური ნიღაბი და ასე ტიროდა: - როცა გავყევი, სტუდენტები ვიყავითო, სიცოცხლით სავსე. საქმიანობად ეს - რა წყევლა აირჩიაო! მთელი ცხოვრება ნახევარბნელში გაატარაო, როგორიაო, სულ მომჩივანებს, ავადმყოფებს უსმინო და სიტყვა არ დაგცდეს, კარგი - არავინ არასოდეს გაგიზიაროს, მომსვლელმა - გული დაიცალოს, დამხვედრმა - რა ჰქნას? რა უყოს ამდენ უბედურებას, წარმოსახვებში რომ უგუბდება, ადამიანი - საიკიკი - არსებაა, ცოცხალი სახლი, მაგრამ სახლისგან განსხვავებით, ვერ დაალაგებ, ან როგორ გინდა, რაც ზედმეტია - მოიშორო, რაც ერთხელ შედის, ჩვენშივე რჩება. სულ ერთმანეთზე დაემატება სარდაფში, სხვენში, შემოღობილში, აიხორგება, დაიპრესება, დაიმტვერება, დაობდება, დაიშმორება, გამტანი კი - არავინაა. ყველა საიკიკს თვითონ სჭირდება საიკიკი, მთელი ცხოვრება ნევროზი ჰქონდა საშინელი. რა ხმა ოჯახში, რა - გახუმრება ან ლაპარაკი! შინდაბრუნებულს ჩვენი დანახვაც არ უნდოდა, უჭმელადვე იძინებდაო. გაღიმებული სულ ორჯერ იყო, შვილები როცა შეგვეძინაო… ერთად ვტიროდით, გულამოსკვნით, როგორც ბავშვები, მინდოდა, მეთქვა რამე, დური… ამ დროს ვიღაცა შემოიყვანეს. აღარც მეგონა, თუ მოგისწრებდით, ინტერსტეიტზე ორი საათი გავიჭედეო. ძლივს მოვასწარით ცხვირის მოხოცვა, ანიღბება, და გავხდით უცებ, როგორც წესია: მე - დიდური, ის - მედიდური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი