არნდომის ლექსი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

არნდომის ლექსი

“არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს!” - 
პურზე იტყოდა, რომ გავუწვდიდი
საკუთარი ნახელავით აღტაცებული.
 მერე ხმადაბლა დააყოლებდა: 
- პურზე - “არ მინდა” -არ ითქმება და
 არ წამოგცდეს, 
პურის დედა იწყევლებაო.

მე კი ვფიქრობდი, 
ღმერთო, ნეტავი რად მოინდომე, 
რომ აი, ასე, 
ერთ კაცში გყავდეს   შეზავებული 
უკანასკნელი, მიწისქვემოთა ვიგინდარა და უზეცესი ანგელოზი!

 არც პურს მოვშივდით,
არც წყალს მოვწყურდით 
და არ ვუნდოდით არც სიყვარულს, 
არც მეგობრობას,
ხოლო სიცოცხლემ - ის - არ ინდომა,
ანდა  სიკვდილმა  - მე - დამიწუნა,
დაწუნებულს  კი, 
პურის დედაო, 
ეს ხმა შემომრჩა, 
ეს ერთი კადრი მობინდულად განათებული, 
ბარაქისა და  რძისსუნიანი:

მე -  პურის, ახლად გამომცხვარის გამწოდებელი, 
ის მოუარე - 
,,არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს,
არ ვუნდივარო!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი