მიდი!


ნინო დარბაისელი

მიდი!

კოლოსიუმში როცა იმართებოდა ბრძოლა,
როცა იტანა ძრწოლა მებრძოლს და მეომარს,
მდიდრებს  გაშლილი ჰქონდათ ვაჭრობა-  გარიგება,
ხალხს კი   გართობა სურდა, იქ ვინ იტყოდა
,,კმარს”!

გასაქეზებლად სურდათ  რამე ხელმოსაჭიდი,
ყვიროდნენ “მიდი, მიდი!
ორთაბრძოლაა დიდი,
სულ ცოტაც გაუძელი, 
დიდებას მოგიტანს!”

დიდებისაკენ ხიდი - ცაშია დანაკიდი,
უცქერდა ვინმეს სველი თვალი  უსულო ტანს?
სიკვდილის არჩევს ცელი მთლად კუტსა და ტიტანს?

 ბევრი იცვალა ჟამი, გადის  მრავალი წელი,
 ბრბო ელის, როდის მოვა პასუხი განაწელი,
სიტყვას მოუსმენს ვინმე თუნდ სხვისას, განა ჩემს!
არა საბუთი რამე, რამ სიტყვა დანაწერი, 
 ან წრფივი განასერი, ვინმეს რომ დაარჩენს,
განწირულობა იყო  -  დაბლა დახრილი ცერი!
იმპერატორის ჟესტი ნიშნავდა განაჩენს.

გგონიათ,  უკვე გაქრა 
ის აღტყინება ძველი?
ან მოსაჭრელი თავის
აღარ არსებობს ძელი?
აღარ მოელის  რამე  შეჩვეულ შარლატანს?!
ან აღარ განირჩევა სტუმრისგან მასპინძელი?
კოკა წყაროზე  ივლის
და წყალსაც მოიტანს?!

არ ისმინება ბრძენი, 
ბრძენს არ უსმენენ ძენი,
თუ მოგება აქვთ მდიდრებს თუ ბრბოს გართობა სურს!
 გაჩაღებულა ბრძოლა,  ყველას სურს შენაძენი,
ყველა მოგებას ცდილობს, შეხედავ, ბრძოლა ხურს. 

 დგება  ერთობის   გრძნობა,  ყველას რომ ეუფლება. 
 ასეთ მომენტში  თითქოს არც დაეძებენ შურს!
მიწა რომ გაითხრება, საფლავიც - დაიფლება.
ვინღა შეამჩნევს  ობლის თვალზე ცრემლს მონაწურს.
 ვინ გაამტყუნებს დემოსს
თავი რად მოიკდემოს!
სანახაობა თუ აქვს, ნაკლებად ეძებს პურს…

 რაო, რა ბრძანეთ, რიდი?!
 რაღა დროსია რიდი?
 რიდისთვის ნეტა  ახლა ვინ ვის ათხოვებს ყურს?
სიტყვა ვის უნდა მშვიდი!
თუნდ ერთი, განა შვიდი!
ო, მიდი, 
მიდი, 
მიდი!

სანახაობა გვსურს,
კვლავ ამოგძახებს ,, მიდი-ს”, თუკი ჩასძახებ ჭურს!
- ირგვლივ  ხმა ისმის დიდი, ჩატეხილია ხიდი, 
ყურს ვინ დაუგდებს ახლა   საცოდავ მოლაღურს!

გასაქეზებლად გინდა რამე ხელმოსაჭიდი,
ყვირიან - “მიდი, მიდი!
ორთაბრძოლაა დიდი,
სხვისას ვინ დარდობს
ტან- ყურს?!
სულ ცოტაც გაუძელი, 
ამ ჭიტლაყს ანდა პანღურს, 
დიდებას მოგიტანს!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი