ჰარმონალური


ნინო დარბაისელი

ჰარმონალური
 (სათაურში კორექტურა-არაა, ჩემი ნეოლოგიზმია და ჰორმონისა და ჰარმონიის შერწყმას ნიშნავს. 

თითქოს გადმოსაცემად მოეტანოს წერილი,
საღამოხანს მოვიდა, სადა, თავდაჭერილი.
მერე მოიმყუდროვა, თავი არ დაგვანება,
მოაყოლა ღიმი და დაბალფარდოვანება.
რა მსტოვრები ჰყოლია,
როგორ აგვიყოლია,
ვნება იყო, რა ვნება!
აწყვეტილი, თავნება,
გრიგალები ჰორმონთა, ქარში გაქარავნება!
და გვეამა ორივეს ცოდვის დაგემოვნება, 
ჰორმონების ფრიალო, ვინ არ დაგემონება.
ამ სენისთვის ჩვენსავით ვის არ უექიმია,
მიზეზია ყველაფრის თურმე ბიო-ქიმია.
ისევ ცოდვას ელტვოდა სული ნაცოდვილევი,
და სადაა საშველი, თუ სულივით ილევი!
მერე გრძნობაც ილევა,  
ჩნდება ამპარტავნება,
და უფსკრული ღრმავდება,
ღრმავდება და ღრმავდება,
ყოფის მწარე პურისთვის ჯეჯილი თავთავდება,
 ყირავდება მართალი, უთქმელობით ავდება,
უკვე აღარავდება, 
ვინ დაუდგეს თავდებად?
სიყვარული თავდება!
სიყვარული თავდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი