ორი ზამთრისპირული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ორი ზამთრისპირული
( ახლააღმოვაჩინე სხვა რაღაცის ძებნაში, რომ ერთი სათურით - ორი  ლექსი მქონია და, რასაკვირველია, არცერთი არ მახსოვდა😁 

1.ზამთრისპირული 

დამთავრდა თამაში -
- უთქმელში სათქმელის ძებნა!
გვჭირდება სიტყვები
არა ღრმა, არამედ ღია.
ღამეა.
მე მცივა,
შენ გცივა,
ქუჩაში  გამვლელი არ ჩანს.
ტროტუარზე
უძრავად
ყვითელი ფოთოლი გდია.

ჰო, ასე მარტივად
ითქმის და გაისმის ბოლო.
შენ - ისევ რაღაცას
გატყობ,
ვერ ისვენებ,
ელი.
სადღაც, შორს
სახლიდან
გამოდის ყვითელი შუქი,
ტკაცუნობს შეშა და
ბურუსში ირევა
ნელთბილი ბოლი.

2011

2.ზამთრისპირული 

ფოთლეული ჩვეული
ქრება, ვრჩები ეული
ხე - ქარით დარხეული.
ადრე  - გადარეული გრძნობა რამ გააცია?

სველია სასთუმალი.
მიტოვება უმალი -
- არის გარდაუვალი,
როგორც განგრენიანი ფეხის ამპუტაცია.

არ დარჩეს ნატამალი!
დე, მოისპოს ნამალი
შხამიანი წამალი!
ამ შიშნარევ სიხარულს როგორ აუტაცია-

გული - გადასერილი,
მკერდში გადაცერილი...
შენი ყველა წერილი,
ჩემი ნაცოდვილარიც  -  ხელში შემომეხია.

ღმერთო რა სიმჩატეა!
მესიჯია, ჩატია,
წკაპ! და ბინში ჩატია
ხელმა. როგორ გავაქრე!... (მართლა დასაკვეხია)

მორჩა დარდი, აღრენა,
შემიძლია გაფრენა.
აღარა მაქვს  განგრენა.
თავი გადავირჩინე, ....მაგრამ აღარც ფეხია.

2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი