ზამთრის ჩიტები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ზამთრის ჩიტები

ანგელოზები - ჯოჯოხეთში  - იღუპებიან,
ღრიჭოდ დატოვეთ ჩიტებისთვის სამოთხის კარი!

ცის წვერში ყინავს
და გრიგალებმა   ჩვენს ეზოში
მრავალწლიანი, 
დიდი ხეები 
სულ გადაჩეხა  და დააწვინა, 
ჩიტებზე ვინ-ღა  იდარდებდა!

მე  დაორთქლილი ფანჯრებიდან ვიყურებოდი, 
მაგონდებოდა შენი ნათქვამი:

 - არ დაუჯერო, თუ გაიგონებ, 
ჩიტივით ცოტას იკენკებაო.
მეცნიერულად დადგენილია, 
ყოველდღიურად 
ყოველი ჩიტი თავის წონა საჭმელს ინელებს, 
ზედ წყალს   - თავისი თავის ზომას დააყოლებსო.

ჰოდა,  გავაღე სახლის კარები, 
უცებ ავავსე  ჭრელი საკენკით 
ჩამოკიდული  საკენკარები.

დედა ირემი გამოჩნდა ერთხელ, 
თავი უწვდინა ჩამოკიდებულს, 
ზედ დაიყარა, 
ეს  - რად მინდაო, 
ჩემს გადატეხილ მაგნოლიაზე დაიხარა და გაიხარა.

ანგელოზები - ჯოჯოხეთში  - იღუპებიან,
 ღრიჭოდ დატოვეთ ჩიტებისთვის სამოთხის კარი!

ამ სეტყვასა და თოვლ- ყინულში,  
 გოროხივით მუქად რაც ყრია -
ჩიტებია, 
ფრთადაკეცილად გაყინული მკვდარი ჩიტები,
თბილ ქვეყნებში გაუფრენელნი,
აქ ჩემს იმედად დარჩენილები… 
გამაგრდი გულო, 
მეტად ნუღარ აგეტირება!

ანგელოზები - ჯოჯოხეთში - იღუპებიან.
მათთვის სულმუდამ  ღრიჭოდ დატოვეთ სამოთხის კარი!

ღრიალებს ქარი
და რაც კი იყო ფეხზე მდგარი,  
აწვენს მედგარი, 
ღრიალებს ქარი,
საშინელების მოსდევს ამქარი,
პირნაავები ყველა აქ არის,
ციდან გვეყრება  
თოვლი კი არა, 
ყინულოვანი,
მწარე შაქარი.
მიწაზე ყრია - გრიგალების  ნაქონდაქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი