ტავერნა. მოგზაურისა
ნინო დარბაისელი ტავერნა. მოგზაურისა - - - - უთენიისას ტავერნის კართან როცა მივიდა, ღამისთევის და საუზმისა და ცივი საგზლისთვის როცა გროშები გადაუხადა მასპინძლის ბიჭსა, ჯერაც თვალებს რომ ზანტად იფშვნეტდა და ზრდილობისთვის უღიმოდა, სთქვა მოგზაურმა: - მისმინე, შვილო, ერთი ლუკმა და ერთი ყლუპი და ერთი გროში კი სადაც წახვიდე, სულ თან ატარე! ცოტა არის თუ ბევრი არის, შენი სამყოფი მიმავალმა - წაიყოლიე! იმ ქვეყანაში, მოკრძალება სადაც ღირსებად კი არა და უძლურებად მიუჩნევიათ, თავი არავის წაუხარო, თორემ ზურგზედაც მოგახტებიან და “აჩუ ცხენოს “ ძახილით მერე სახრესაც მწარედ გადაგიჭერენ, “აჩუ ცხენოდან” - “აცე ვირომდე”კი ერთი, მოკლე გადაკვრაა.. ჰო, დედამიწა - მრგვალია და ჭრელია და ათასგვარია. ერთი საქმისთვის - ერთგან ოქროს ტახტს დაგიდგამენ, სხვაგან - სიკვდილი არ აგცდება. თქვა და წავიდა. წუთით უცქერდა პატარა ბიჭი შორს მიმავალის გაცვეთილ ზურგს, მერე შიგნიდან გამოსძახეს და უფროსებმა სადილაო საქმეს შეაბეს. ის - მიდიოდა. დილის ნისლი კი თანდათანობით იკრიფებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი