ტკბილკბილასი
#პოეზია ნინო დარბაისელი ტკბილკბილასი* ჰო, ასეთია ტკბილკბილას გასაჭირი: ტირამისუ და ჩიზქეიქი თუ ტორტი, ნაპოლეონი, პავლოვა, ცოტაც ჩირი, ჩურჩხელა, ბოთლი, ბოთლების ნატურმორტი, იქ ჩაკეტილებს, ტკბილო, მე და შენ წყვილად, გარიდებულებს ამ ქვეყნის აურზაურს, არ გვეცლებოდა, მე მჯერა, მოსაწყენად, ლექსების კითხვით ჩვენ ავტეხავდით ხმაურს. გავათენებდით მთელ ღამეს, ვიცი, თეთრად, პოეზიაზე ლაპარაკით და ფიქრით. არ ვიკითხავდით: მუზას იქ მოვუხმეთ - რად, (ო, ოცნებებო, რა დაუწევლად მიჰქრით!) ქალაქის ბოლოს, სადაც ბინაა ჩემი, სადაც გრიგალებს არ დაელევათ ძალი,, ნიგვზეულობა, ნამცხვრები, ჩაი, ჯემი, სულ პოეზია - ბებერი წყვილისცალი! არის ოცნება აუხდენელი ბევრი, აუხდენლობა - არის იმათი ფასი. მივდივარ, მრჩება, გინდ ვიყო ენამჭევრი, ნატვრა ასეთი, ერთი კი არა, - ასი! მოდი, ნუ მიწყენ გულახდილობას ამგვარს, სხვაც მეგულება მუშტარი ლექსის, ნამცხვრის, ბევრს მოვიგონებ ვით გადატეხილ ნარგავს, გამახსენდება და უცნაურად გამცრის. ჰო, ასეთია - ტკბილკბილას გასაჭირი - ნამცხვრეულობით გამოტენილი პირი, თვალში სიხარბე, არა ქალური ნირი, მზერადახშული გზას- ღა გაჰყურებს მზირი, მაგრამ არა ჩანს არსად თუნდ არა-გმირი, (რას ვბოდიალობ კუდის მქნეველი სირი). ან ვის ადარდებს ეს გული - ანატირი, რად მინდა ხსოვნა - გადასახვევი ფირი, სიტყვები ესე - ფუჭი და არსაღირი, სათქმელი, რაღაც, გულით ამოსაყვირი, ნამუსტანგარის აღვირი, უნაგირი, თუკი დედალი ვეღარსად ლომობს - შირი, წინ - უფსკრულია და არ მოუჩანს ძირი, ვის ტაძრად წირავს ის - პოეზიის მწირი! ჰო, ასეთია ტკბილკბილას გასაჭირი! - - - ტკბილკბილა - ( ინგლ. sweet tooth) - ტკბილის მოყვარული ადამიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი