გონდოლიერი
ნინო დარბაისელი გონდოლიერი ნისლში სულ სხვაა ვენეცია, თვალი - ბეცია, მოდი, ასეთიც დაინახე, მოდი, იცანი! შემოიარე მისი შუკანი და მისი ცანი, დაგავიწყდება პიაცანი და უფიცანი! დილას მიდიხარ. ბოლო დღეა… ბოლო ღამეა. ქვაფენილებზე ბორბლებიანი ჩემოდნების დაიწყება ირგვლივ გრიალი. წასვლა - მოსულის განაჩენია. განა რაიმე სხვა დაგრჩენია? სამაგიეროდ, იცი, მთელი ღამე - შენია, არ ირეკლება უკვე წყალში აღარაფერი, თეთრ სიბნელეში სულ სხვანაირად ილანდება, რაც ნაშენია. შემოიხვიე მჭიდროდ რამე, იხეტიალე! გაგატიალებს ეს სიცივე, ვიდრე იალებს, ვიდრე წამოკრეფს სიბნელეებს მზე მობრიალე. და ქვაფენილზე, სადაც ქვა იყო მორყეული, ამოვარდნილი კენტი თუ ლუწი, მე დავაბიჯე და დავბარბაცდი, შემესხა წუწი… გამოჩნდა იგი. ნისლის კარი გამოიარა, ბალანსდაკარგულს უცებ ხელი შემომაშველა. მინდოდა მეთქვა გადარჩენილს, რომ უსასრულოდ ვარ მადლიერი, რომ არ დაიბნა, არ აირია, მაგრამ წავიდა, არ დამელოდა, გაიარა! იმწუთას მეცნო, ადგილობრივი ჰქონდა იერი - ასე წრფელი და არა - ცბიერი, წყალზე სულ სხვაა, - ქედმაღალი და წელგამართული, ბიჭობიდანვე ნიჩბის მოსმას დაჩვეული, მაღალხმიერი, ხმელეთზე - უკვე სხვანაირია მოკრძალებულად ასე ხმადაბლა, ასე, გვერდულად დაიარება ვენეციაში ერთადერთი - გონდოლიერი. მინდოდა მხოლოდ, მეთქვა, რომ მისი ვარ მადლიერი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი