კარნავალების სეზონი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

კარნავალების სეზონი 


იწყება ვენეციაში კარნავალების სეზონი - 
დიადი მხიარულება!
ჭრელ ნიღბებს აიფარებენ  აღზრდილნი და უწესონი,
ვინ ვის  ესიყვარულება!

ჯერ ზამთარია, ხიდები  ცივი და ქარნავალია, 
თან შიშით  ვერ მიედები.
ყველას რაღაცა ეშლება, აიტანს, 
კარნავალია. 
დაგოგმანებენ მტრედები.

 ვიცეკვოთ შუა ქუჩაში ჩვენც შევიშალოთ, რა მოხდა, 
მოვყვეთ საერთო დინებას, 
 დეკოლტეს უყვარს  ფათური,  კაბას - ქუჩაში წამოხდა
ხვალ?! -  ვის რა ეცოდინება!

ვიოლინოში ერევა მოულოდნელი ფანტელი
 (უამინდობის ნარჩენი?)
დღეს არის ბედნიერება, რა არის დღე ხვალინდელი?
- არც შენია და არც ჩემი!

აქ მოედნები სავსეა მოკარნავალე ხალხითვე,
გადაჭედილა ეზონი. 
გუშინ დაიწყო, დღეიდან გასტანსო კიდევ  ერთი თვე 
კარნავალების სეზონი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი