პიციკატო


#ლექსები

ნინო დარბაისელი

პიციკატო


შემახე შენი ხელი,
შემარხიე.

არ მეყო შენს მუხლებზე დასვენება?!
ნებას შეერია უკვე ვნება.

ჰყვავის იატაკი. რა - ველიო!
რაველს აქ რა უნდა! რაველიო?!

არ მინდა შენი ხემის მელოდია,
არ მითხრა,  აქა ვარ, ხომ მელოდიო!

თუ მართლა გინდივარ, მივხვდე რითი!
შემახე შენი  ხელი,
შენი თითი!

ეს რა უცნაური გაშმაგებით
ცეკვავენ, როკავენ ეშმაკები!

ამათგან გამყრიდა აბა,  მე  - რა!
ჰა, ლაჯებშუა ვარ?! ჰაბანერა!

სულ - ყლუპი. ასე როგორ მომეკიდა!
ცოტაა, არ მეყო, მომე კიდე!

რიტმობენ კასტენიეტები,
ვნებით სიკვდილისთვის მიმეტებენ.

შემახე შენი ხელი!
შემახე შენი ხელი,
შემახე შენი ხელი,
შემარხიე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი