გალაკტიონ!
#ლექსები ნინო დარბაისელი გალაკტიონ! (მას თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. მათ შორის - ხიდიდან გადახტომა) გინდ მშრალი იყოს და გინდა სველი, გინდ თბილისში და გინდა ბრუკლინში, ხიდი ამქვეყნად იმიტომ არის, ორი ნაპირი, ორი მხარე რომ შეაერთოს. ის შეიძლება იყოს ლითონის, რუხზოლიანი მარმარილოსი, სიარულისგან გაცვეთილის, იყოს რიყის ქვის ოსტატური წყობით ნაგები, თაღებიანი, შედარებით ძვირფასი ქვისა - ნათალისა ან ნაწილობრივ გაუთლელის, ხის მორებისა, ან იყოს ბეწვის, მოქანავე. ის შეიძლება აერთებდეს გამოღმიერს - მიღმიერთან - სამარადისოდ. ზოგი ხიდია, ზედ არსებანი მოასფალტებულ გზის გაგრძელებას გადაივლიან და მის ხიდობას ვერც შენიშნავენ, დაბლა ერთხელაც რომ ჩაიხედონ. ვნახე ხიდები, ადამიანის სიმაღლემდე ყველგან ლითონის ბადეები რომ გაეჭიმათ, თვითმკვლელები ეტანებიან, ბევრი ხტებაო. მხოლოდ პოეტი ან პოეტად დაბადებული და ვერქცეული, გადააბიჯებს მოაჯირს და ზეგაშლის მკლავებს, თითქოს იმქვეყნად ფრენით წავაო. გადახტება და წყლის ზედაპირზე მუცლით, ბრტყლად ისე მოუქნელად დაენარცხება, ვიდრე მორევი ჩაატრიალებს, ლამის არის და დაგაიფატროს და გამოხსნილი სული ასე აუშვას ცისკენ. ხოლო სხეული, წყალნაყლაპი მისი სხეული, მყვინთავებმა უნდა ეძებონ და როდის-როდის დაადასტუროს ახლობელმა, ამ ხალით ვიცნობ, ამ სვირინგით და ნაწიბურით, ისაა, თორემ სახეზე - უკვე ვერცნობამდე შეცვლილიაო. ხიდზე შემთხვევით ჩამოვლილი ხელს თუ წაგავლებს, იმ ადგილიდან გაგარიდებს, რაიმეს გეტყვის, სისულელეებს შეგეკითხება. ხოლო სიკვდილი ვინც გადაწყვიტა, გინდ საწამლავით, თოკის ჩამობმით, აბაზანაში ვენის გადაჭრით და თბილ წყალში სისხლის დინებით - უკვე მკვდარია. და რამდენჯერაც გადაწყვიტა, იმდენჯერ მოკვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენჯერვე დაიბადა, რაიმე, ახალ თვითმკვლელობამდე ნუღარ იკითხავთ: - გადარჩა? - დარჩა? ხოლო ზოგი კი სიკვდილში ისე გაიწაფება, ჯერაც აქმყოფი დადის ჩვენში, მაგრამ იქაა, გადმოგვყურებს სიზმარშიც, ცხადშიც და როცა უნდა, ხმას გაგვაგონებს, როგორც კოლოსი - ჰომუნკულუსებს! რად უნდათ, სული რომ აგატკიონ, ან ბუბმბერაზი აქ დაგატიონ? ასე არ არის, თქვი, გალაკტიონ? გალაკტიონ! თქვი, გალაკტიოოოოოონ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი