სანთლის სონეტი - (შექსპირული)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

სანთლის სონეტი
(შექსპირული-  ABAB CDCD EFEF GG)

ადამიანი - არის მუდამ ადამიანი
და ანგელოზად ვერასოდე გადაიქცევა,
უსქესოდ გაჩნდა ღვთის მოლაშქრე, მარად ფრთიანი,
ხოლო სექსს მისდევს დღენიადაგ   მოკვდავის ქცევა.

ადამიანი სათავისო სინათლეს  ეძებს.   
ზოგს უწევს, ძებნით შეაჯეროს მიწა,  ცა მთელი.
თვით   უკანასკნელ გარეწრებსაც,  სატანის კერძებს,
არ შეუძლიათ, არ უნათებდეთ კენტი სანთელი 

სადღაც, არსების ბნელ კუნჭულში.  დაუგდე ყური,
თვით კრიმინალშიც   ნათელ მხარეს ხედავს მრავალი, 
ავი საქმეა ფერადებით   გადანახური, 
 და არ მთავრდება ავ-კეთილის ეს კარნავალი. 

სინათლე მოდის? - ნიშნავს,  სადღაც ცეცხლი  დიდია 
  და ვინ დაეძებს, შორს   რა იწვის,  რას უკიდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი