აფანასი ფეტი - ჩინარი (მთარგმნელის შესავლით)


,,მხოლოდ იმიტომ ,  რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი” ...  (,,ისევ ეფემერა',)
 გალაკტიონის ლექსს, საიდანაც ეს სიტყვებია მოხმობილი, სხვა მოტივებთან ერთად, ფეტის ,,ჩინარის'" თემის გაღრმავება-დამუშავების კვალიც ემჩნევა.
 (საფიქრებელია, რომ თავად ფეტმაც, ამ მხრივ, წინამორბედთა კვალი გააღრმავა)
   გალაკტიონისთვის ნიშნეულია რაიმე პოეტური თემის დამუშავებისას,  ერთი მხრით, ჩვენი ეროვნული ტრადიციისა( აქ - ბარათაშვილის)  და მეორე მხრით, მისთვის ხელმისაწვდომი უცხოური პოეზიის ნიმუშების ( აქ - ფეტი) შეხვედრის წერტილის მოხელთება და პოეტური ალქიმიის წყალობით, ამ წერტილის გაფართოება-ახალ განზომილებაში გადაყვანა, სივრცედ ქცევა.

ა.ფეტი

ჩინარი
- - - - - 

დუმან ბაღები. სევდით ვჭვრეტ ისე,
სევდამ იმრიგად ამივსო სული;
ბოლო ფოთოლი ფეხქვეშ გავსრისე.
 დღის სხივიანის დგას დასასრული.

შენ ერთადერთი მკვდარ სტეპს შემორჩი,
 ჩინარო, სენი გინდა დაფარო
და გაფოთლილი კვლავ გითრთის მორჩი,
ზაფხულზე ჰყვები როს,  მეგობარო.

დე,  უჟამური დღეები ქროდენ 
და  შემოდგომის მსახვრალი სული;
ცად აზიდულო, შენ გახსოვს ოდენ
თბილი სამხრეთის დრო გარდასული.

1859
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Афанасий Фет 
 Тополь

Сады молчат. Унылыми глазами
С унынием в душе гляжу вокруг;
Последний лист размётан под ногами.
Последний лучезарный день потух.

Лишь ты один над мёртвыми степями
Таишь, мой тополь, смертный свой недуг
И, трепеща по-прежнему листами,
О вешних днях лепечешь мне как друг.

Пускай мрачней, мрачнее дни за днями
И осени тлетворный веет дух;
С подъятыми ты к небесам ветвями
Стоишь один и помнишь тёплый юг.

1859

ესეც - ბარათაშვილი

ჩინარი 

განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე 
სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, 
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, 
ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი. 
საამო არის მის ჩრდილში ოცვნა
 და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა, 
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა
 ამა სოფლისა ჭირთა დათმენა! 
მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი
 და შრიალითა არხევს ჩინარსა, 
და გამოსცემენ სახიობასა, 
ტკბილის ოცნებით დამაძინარსა! 
მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო
უასაკოთაც და უსულთ შორის, 
და უცხოველეს სხვათა ენათა
 არს მნიშვნელობა მათის საუბრის! 
ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, 
მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების, 
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, 
და აღელვილი კლდესა ეხლების! 
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, 
დგას მედიდურად და სიამაყით, 
და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს
 სევდიანისა შერხევის სახით. 
რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, 
იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს, 
თითქოს სიშურით შეშფოთებული, 
და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს. 
ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, 
დაიტანჯების მარად მიჯნური, 
თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა
 ტრფიალებისა ცეცხლი ციური.

1844

იყოს გალაკტიონის ლექსი მთლიანად.
გალაკტიონ ტაბიძე

ისევ ეფემერა

რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,
ჩუმი შრიალი საიდან არი?
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

დუმილი გახდა ვიწრო გალია,
დაუძინარი და უჩინარი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,
მარად და მარად ტყდება ჩინარი.

როგორც ჩინარი - ისე პოეტი,
მისთვის სიმაღლე არის წამება,
არა ღიმილით და ალოეთი
დაჰფარავს მტერთა ცილისწამება.

ის - მაღალია, დიდია მაინც!
მისთვის მოისმის ზარების ზარი:
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

პოეტს მაისის სიზმრების ხილვით
ესარკებოდა პარიზის რკალი,
მაგრამ უეცრად ქარტეხილივით
მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.

დემონიური არევ-დარევით
ყოველი მხრიდან ავარდა ალი.
სულში დაჰქროდა ქალი ქარივით
და შეშლილივით ჰკიოდა ქალი.

ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა,
ვით მწვერვალიდან მერანი მალი.
კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა
და არ ტიროდა არც ერთი ქალი.

ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!
მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,
რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:
მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.

და პაგანინიც... ორგიის ბადეს...
მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს,
ესტრადა ნათელ იმედად ბადებს
აშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.

ის დანდობილი იღებს ჭიანურს
და სასახლეებს ჰაერში მოდებს,
რომ მხარეები შეაჭიანოს
და ლეგენდები შორით ისმოდეს.

არა! არაა იმედი სიმად,
ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,
სიმებთან ერთად ატირებს იმათ
თვალების ნაზი ქრიზოლიტებით,

მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,
ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,
არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს
და უიმედო საპირფარეშოს.

როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,
ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,
თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,
გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.

და ტრიალებენ ბორბლები ჩქარა
და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.
ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,
ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?

დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!
ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,
და სასტიკია, როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.

და ახრჩობს თავის ცხელი თითებით
მასვე, ვინც იმას სული შთაბერა,
მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით
მას მოიგონებს ბედის სხვა წერა.

და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერ
ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,
მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა
და ის ელოდა წამითი-წამით

ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.
რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,
გაუშუქებლად დარჩება მარად -
ასეთი არის მისი პორტრეტი.

იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,
ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი.
სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს,
ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!

ეშაფოტიდან უყურებს შორს პანს
დღემდე თვალების გამხდარი რეტი.
ასეთი არის მისი პორტრეტი...
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი