სონეტი ნაქარიშხლარი - შექსპირული
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი - ნაქარიშხლარი (შექსპირული - abab cdcd, efef gg) კვლავ მივაკითხეთ ძველ სანერგე- საჩითილეებს. ამ ქარიშხალმა სულ დაგლიჯა ირგვლივ ხეები. მე აღარ ვიცი, ამ დანაკარგს რა დაანელებს! სუსტ ძირებს ვირჩევ, ამოთხრილით განახევები. ჩემს მაგნოლიას წყალი ვუსხი, წლობით ვახარე. ფესვიც გაიდგა, გაიმსხვილა ტანი, გალაღდა. მზეს ვუჩრდილავდი, დავუფარე ყოველი მხარე. ახლა მის ირგვლივ ყველაფერი გადატალახდა. კი გადამირჩა საბოლოოდ, მოტყდა ტოტები, დიდი ხეები - ავდრობებმა გადაიყოლა. ცრემლს ვეღარ ვძლევდი, ხეებს შორის დანაბოტები, რა სჯობს, არ იცი, ჩვილის ყოლა თუ სულ არ ყოლა. შევცქერი ნერგებს, და გონება ამ ფიქრს უნდება: დედის საშოში - უკვე ნაშობი - ვერ შებრუნდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი