ესეც სონეტი - სათქმელი მგლისა


#ლექსები

რაც უფრო ადვილად მოწყენადია ადამიანი, მით მეტად შემოქმედებითია იგი.
ყველაზე დიდი მოწყენილობა - გენიოსთა ხვედრია! 
არ გჯერათ?! 
აგერ, ჩემო ბატონო, ნიმუში, ფაქტი… 
     ნუ იძაბებით,  ვხუმრობ, როგორც შემიძლია და თქვენც უბრალოდ,  თუ არ გაიცინებთ, გაიღიმეთ ამაზე.
წრფელი ღიმილი ისეთი რამეა, ყველას უხდება!


ნინო დარბაისელი

ესეც სონეტი  -  სათქმელი მგლისა

(სპენსერული  - ABAB BCBC CDCD EE)

• ისევ სონეტს წერს? რაღა  ხილი არისო ნეტა?
შექსპირი -  გვქონდა, დაუწყია ახლა - სპენსერი. 
მოწყენილობით -  ყველაფერი გაასონეტა, 
თავს იკატუნებს, გაწყვეტილი ვარო ბისერი.

მიუშვერია მკითხველისთვის მგლური კისერი, 
ვითომ ენდობა, რა ვქნა, მჭირსო დაძაბუნება, 
აქ მოსასვლელად  გადმოვჭერო შორი  ის სერი,
(გულწრფელს თამაშობს, ვერაგული კი აქვს ბუნება).

რა უნდა ნეტა,  რა სჭირდება, რის დაბრუნება, 
რა ენატრება, ამ ძველ ფორმებს რად დასტრიალებს?
რამე, ახალი გასართობი მოიგუნება,
შიშობს, სიბერე არ დაინდობს, გაატიალებს?

ფორმას  დაეძებ?! თქვი რაიმე,  სულს მოსადები,
ლექსში თუ მოკვდი,  ხელმეორედ დაიბადები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი