როგორ კვდება ქალი - პოეტი


შემახსენა ფბ- მ, შარშანწინდელი ყოფილა.
რა უნდა იყოს კარგი იმაში, რომ საკუთარ ლექსებს ვერ ვიმახსოვრებ და ორი-სამის გარდა, ვერც კი ვცნობ- მეთქი,  ხშირად მიფიქრია.
 თანდათან ვრწმუნდები, რომ მაინც რაღაც კარგია. 
თუნდაც ის, რომ მერე უკვე  - მკითხველის თვალით ვეცნობი, ნეიტრალური ვარ მისდამი და ავ-კარგსაც ადვილად ვამჩნევ.
საკუთრივ ამ ლექსზე რა ვიფიქრე ახლა?!
- რამდენიმე საინტერესო მომენტი დავაფიქსირე სახეობრივად, შინაარსი - ტრივიალურზე ტრივიალურია, ფორმაში - განსაკუთრებით ფინალში ინტონაციური  თამაში ასევე საყურადღებოა.
ჰო, კიდევ, მთლად ფინალში, “მოსიარულე მკვდარ პოეტებში” - ალ. ბლოკის ალუზიაა საცნაური. (როგორც მახსოვს, ის ლექსი თვითონვე უნდა მქონდეს ქართულად თარგმნილი)

ნინო დარბაისელი

როგორ კვდება ქალი პოეტი?
— — - 

როგორ და როდის  კვდება ნეტა  ქალი პოეტი?
-მაშინ, როდესაც  მისი კაცი, ძლივას მოსული, 
 მიდის და თითქოს სამუდამოდ კი არ ტოვებდეს, 
არამედ   თითქოს ძველი პროექტი იხურებოდეს და  დარჩენილი ინვენტარის ბედს დაეძებდეს, 
ასე დინჯად და საქმიანად ეთხოვებოდეს?
(თან  - განშორების პირობებზეც რომ უთანხმდება!)

თუ მაშინ, 
როცა მიმოიხედავს
 და  უშორესი ცის კიდიდან დედამიწის გავარვარებულ ჯურღმულებამდე 
ვერ მოიძიებს ერთი არსებასაც,
ვისაც ამ თავის მარტოობაზე შეჰქვითინებდა?
(კაცს კი არა და,  
ადამიანებს კი არა და
ამასოფლის ბატონსაც კი თავისთავი გასჭირვებია,
ხოლო მამამდე  - 
როგორც იყო, ისე შორია!)

 მე უკვე ვიცი, როგორ კვდება ქალი პოეტი.
ის კვდება მაშინ,
როცა  კაცებით გალიცლიცებულ ამაქვეყნად,
ანდა იმქვეყნად,
აღარაქვეყნად არ ეგულება
აღარცერთი კაცი-არსება,
იმის გულისთვის,
გულის ფიცარი უყანყალებდეს
ან
სისხლძარღვებში  ჭიანჭველები არმიებად დაუდიოდნენ,
ან ხერხემალზეც თვალები ებას,
ან სიზმარ-ცხადი რაღაც ტკბილ-მწარე,
მლაშე და მჟავე,
თანაც ობნაკრავ,
უსახელო გემო-სუნიან,
მღვრიე ნიაღვრად
გადაქცეოდეს
და საბოლოოდ
ამ ყველაფრის
ლექსად ამოთქმა რამედ უღირდეს!

ქალი -  კი,
არა ყველა არსება, ასე მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება  ასე  - მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება ასე მკვდარია.

ქალი კი არა
ყველა არსება ასე მკვდარია.

მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!

- - - 
P.S

იქით მკითხეს და ვინმე აქაც რომ არ დაიბნეს, განვმარტავ. არ მიყვარს ცინცხლად ავტობიოგრაფიული ლექსები და არც არასდროს დამიწერია.
თემაა ასეთი, რაც ამ ლექსში ჩავდე და ცხადია, პირადი თუ სხვათა გამოცდილებიდან, სპეციფიკური  პოეტური მეხსიერებიდანაც რაღაცეები შევმატე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი