თებერვალი (ციკლიდან - ეტიუდები)
თებერვალი (ციკლიდან - ეტიუდები) ბარდნისო. რა ბარდნა! ეს - ანგელოზები, ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და კენტად ვარდებიან, ეკალ-ბარდებიან ქალაქს ბარდებიან, სიკვდილს ბარდებიან ისევ. თოვლი - შელახული ფეხით და ტალახით რაღაც, ხათრიანად ქალაქს დასდებია. დღეა არეული, რაღაც, ერთდროულად თბილი და უხეში. თუ ხეში წყალია, რომც არ მოჟონავდეს, ნიშნავს - ცოცხალია. ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია, და კაკაფონია - ასეთი ფონია - ქალაქი კი არა, ნაქალაქარია; ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით - ხელით ნაჩქარევით ლაქა მოყვითალო,- - მზეა მონიშნული. დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია, სილურჯე- სიწითლის ორგვარი ნაზავი; ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია, დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში, იებია თუ ყოჩივარდებია, მიწიდამ მოდიან? ციდან ვარდებიან? ცვენაა. ადამიანები, ადამიანები, ადამიანები ჯერ ისევ არიან! იები- პირველი, ყინულზე - ნარვალი, ყინვის საბერველი, მწველი თებერვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი