კარნავალი დამთავრდა (შექსპირული სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

კარნავალი დამთავრდა
(შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG)

რადგან ბოლოს ზეიმი მაინც უნდა დამთავრდეს, 
კარნავალიც მორჩა და შინ ბრუნდება ხალხი. 
ნიღბები და კაბები, მოშრიალე აქამდე, 
სადმე ჩაიკეცება, მოვა ისევ თალხი.

დილაადრიანია, ნატეხით  და   ნახევით
 სავსე ვიწრო ქუჩები - დამლაგებლებს ელის 
და სიჩუმეს გაჰყურებს დარდიანი მნახველი:
ბოლოს  დასცხო, აგვრია, ქუჩებია სველი.

ბრჭყვიალა და მაქმანი  რა შესახედავია,  
 ნახმარი და ნაჭმუჭნი არაფერი ვარგა.       
 ღამის ბრწყინვა დღის შუქში რარიგ საცოდავია,
გუშინ რაც გვახარებდა, დღეს - ქცეულა ბარგად.

დროა უკვე  სადაგი.  ჟამს რა ეურჩება!
ზეიმს ბოლოს  დაღლა და ნაგავი-ღა რჩება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი