როცა მდინარე ალაპარაკდა
#ლექსები ნინო დარბაისელი როცა მდინარე ალაპარაკდა -გაშორებთ კიდეც, გაერთებთ კიდეც, ჩემები ხართ და არც ხართ ჩემები. თავზე დამცქერით, ვიდრე ნაპირობთ თუ გძინავთ, ძილშიც მე გეჩვენებით. ვერ ვიარსებებთ უერთმანეთოდ, ჩვენი ნაზი თუ შმაგი შეხება არის მუდმივი, ვიდრე მიდამო დაიქცევა და დაიმეხება. ის განსაცდელი გარდაუვალი თქვენც შეგეხებათ, მეც შემეხება. ესეც გაივლის, სხვა მდინარისთვის სხვა კალაპოტი გაიჩეხება. ზოგჯერ მზის გულზე გავიზმორები, ვნებივრობ, ვიდრე სხივი არ წავა. მთის მდინარე ვარ, ისე - ვარ ცივი. წამით ვირეკლავ და მავიწყდება ყველა ბერწი და ყველა არწივი. მუდამ მჭირდება ორი ნაპირი, ნაპირებს შუა - ქარის ნარწევი. ვიდრე თქვენ მყავხართ, ვინ მომერევა! გულში მიბრუნავს ბნელი მორევი, ხან დავერევი, რასაც მივწვდები, ხანაც თავქვეში მომაქვს მორები. მე მდინარე ვარ, თქვენ - ნაპირები, დანარჩენები - განაპირები. ვინ იცის, გულში - რას ვეპირები, შორით - ჩანს მხოლოდ ზედაპირები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი