ტაძრის მეძავი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტაძრის მეძავი

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
კაცად ივარგე, არ ვიყავი ქალად მეც ავი.
იამე ჩემგან, დამეთხოვე მე გულმომბალი.
ერთი  ბეჭედი, თოკი ერთი, ერთიც კომბალი -
ეს დამიტოვე, იმ თხის ნაცვლად,  შენ რომ დამპირდი:
კდემამოსილი  უცებ  როგორ გავპირდაპირდი!
მე მუცლად ვიღე  ძენი შენი, ტყუპი გიშობე,
ჯიშიანისა  -  ჩანასახნიც მარად ჯიშობენ.
სხვა გებადება, თუკი ძენი დაგეხოცება,
მახსოვს გვიანი შფოთი შენი და გაოცება.

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
მამის კარს ვიდექ, დამრჩა მატყლი დაუჩეჩავი,
არც ქმარი მყავდა, აღარ შემრჩა აღარც ონანი,
გზად მოდიოდი, მოგყვებოდნენ მწყობრად მონანი,
ვერ გაიმეტე შვილი შენი, ის,  უცოლო და
არ მოინდომე კაცდანატრულს  ქმრად რომ მწოლოდა.
თავადაც იცი, არ იყავი ჩემთან მართალი,
მე სად მეპოვა  გზანი იგი, მეომართანი!

ბევრიც მეძებე, ვერ მიპოვე ტაძრის მეძავი,
გემალებოდი გამხელამდე,  შენზედ მესავი.
როდესაც ტყუპი იბადება ღმერთს მინდობილი,
ვინ გაარჩიოს,  რომელია პირველშობილი.
ძაფმა რა იცის,  რომელია  მემკვიდრე იგი,
როგორ მოერგოს მას საუფლო წესი და რიგი!
ქმარი ხარ ჩემი, მამამთილო, ასე გვერგუნა,
ცოლურად უნდა გემსახურო რადგან  ერთგულად.
გაქრება ჟამი, არ დაიცდის ჩვენთან ფრთამალი,
რაღაა უკვე საჩუმათო და დასამალი!
სვეტზე ნათელზე აელვარა ჩვენმა ცამ ალი,
გულის წყლულისა მოგვივლინა იგი წამალი.

მეძავად მთვლიდი, შემომხსენი წელზე ქამარი
შენ ხარ იუდა,  მე - მართალი შენთან -  თამარი.
გიშობე  ჯიში, მე მტერთაგან დაულეწავი.
რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი…
ტაძრის მეძავი!

- - - - 
P.S.

რაკი ერთგან მკითხეს, “ტაძრის მეძავი” რას ნიშნავსო, ვვარაუდობ, რომ სხვა მკითხველსაც აინტერესებს

წარმართულ ტაძრებში ადრე  ნამდვილად იყვნენ ასეთი ქალები.
  (“ შრაინ პროსტიტიუტს”).
    ქალის სახელი - თამარი - სამჯერ არის მოხსენიებული ბიბლიაში, პირველი - შესაქმიდან -  ესაა, მეორედ, მეფე დავითის შვილია, რომელსაც ნახევარძმა გააუპატიურებს და მიგდებს, ხოლო მოგვიანებით - ნამდვილი ძმა აბსალომი ამის  გამო შურს  იძიებს და  მესამეა თავად მამიდის მოსახელე ანუ - აბსალომის ქალიშვილი, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით.

  წინამდებარე ლექსში მოთხრობილია იუდეველთა, შესაბამისად მაცხოვრის წინაპრის ბიბლიური ისტორია, რომელიც  რენესანსულ და ზოგადად სახვით ხელოვნებაში ერთ- ერთი გავრცელებული თემა-სიუჟეტია.

აბსალომის ქალიშვილის - თამარის ბიბლიური სახელი დაარქვეს ჩვენს მეფეს, 
ისიც ცნობილია, რომ ბაგრატოვანთა დინასტია საკუთარი ზეობის ხანაში თავის წინაპრად  ბიბლიურ დავით მეფეს მიიჩნევდა, რაც, ცხადია,  მათ ებრაულ წარმოშობას ნიშნავს.

P.P.S.

მოხარული ვარ, რომ  ჩემმა ლექსმა ,,ტაძრის მეძავი”(და  ავტორული მოკრძალებით ვფიქრობ, რომ უფრორე მასში გადმოცემულმა ამბავმა) ასეთი  ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
მეგობრებს აინტერესებთ სახელის - ,, თამარის “ მნიშვნელობა და ჟღერადობა. (გენეზისზე უკვე მოგახსენეთ).
  ასევე,  მკითხველს აინტერესებს, ნამდვილად ებრაელია თუ არა მეფე დავითი და შესაბამისად ბაგრატოვანთა გვარი, რომელსაც თამარ მეფე და მისი მწოგნობარნი გენეტიკურად სწორედ ბიბლიურ მეფე დავით წინასწარმეტყველს უკავშირებდნენ.

ჩემი , ანუ ნინო დარბაისელის პასუხი ასეთია:

ცხადია, წინასწარვე წავიკითხე, რაც შემეძლო, ამასთან დაკავშირებით.

თამარი - ებრაულად ნიშნავს ფინიკს ანდა ფინიკის პალმას, 
საქართველოშია მეტად პოპულარული და ჩვენს კვალად - რუსეთში. 
არ იყო  მათთან  დიდად პოპულარული სახელი ადრე. 
ასეა აღნიშნული ლიტერატურაში,
გამოთქმის მხრივ დიდი მოდიფიკაციაც
არ აქვს განვლილი, თანხმოვნები იგივე ჩანს. უფრო  მეორე ა - ხმოვანზე აქცენტი ან  ხმოვნის სიგრძე-სიმოკლეა აღსანიშნავი.

კიდევ ერთი- აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ისრაელში ეს ერთ-ერთი პოპულარული სახელიაო.

    ბიბლიური  მეფე დავით მეფსალმუნე, წინასწარმეტყველი რომ ებრაელია( როგორც ჩვენ, ქართველები ახლა გამოვთქვამთ), ისრაელის შთამომავალი, ჯერ იუდას ( ჯუდას) შემდგომ რუთისა და ბოაზის შვილთაშვილი, იუდეველი, ამაზე ორი აზრი არც არასოდეს არსებულა.
დავით წინასწარმეტყველი რომ იესო ქრისტეს მიწიერი წინაპარია, ესეც ვიცით.

თამარ მეფე რომ თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად აცხადებდა, ესეც ცნობილი ფაქტია.
მშობლებმა დავითის შვილიშვილის სახელიც სავარაუდოდ შეურჩიეს, 
დავით აღმაშენებლის შთამომავლობის გამო.

P.P.P.S

მადლობა  და მადლობა ჩემს მკითხველებს, ლექსის  ,, ტაძრის მეძავი” შინაარსით ასე ღრმად დაინტერესებისათვის.

ეს  ჩემი პასუხია მორიგ კითხვაზე, მართალია თუ არა მასში გადმოცემული ამბავი რძალ-მამამთილის  სქესობრივი ურთიერთობისა და შემდგომ ცოლ- ქმრობისა:

- დიახ, ეს - ცნობილი ბიბლიური ამბავია. პოეტური ინტერპრეტაცია მეკუთვნის მე, როგორც ლექსის ავტორს.
    ეს ლექსი იმიტომ დავწერე, რომ მეჩვენებინა, ახალი კრიტერიუმებით  ძველი ყოფის განსჯა გაუმართლებელია.
  ახლა ეს იქნებოდა ინცესტი,
მაშინდელით კი არც დანაშაულია და არც ცოდვა. 
მიღებული ამბავი ჩანს.
ლექსში ნახსენები მყავს  ასევე ონანი - ერთ ერთი ქმრისშემდგომი  ,,ქმარი” - მაზლი თამარისა, რომელსაც არ სურდა, თამარის შვილის მამა ყოფილიყო და ამიტომ დაუსრულებელი სქესობრივი აქტის პრაქტიკას მიმართავდა. მის სახელს  ახლა უკავშირდება ონანიზმი”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი