უმარილოა ცრემლი ჩემი


თემატურად ჩემზე მრავალფეროვანი პოეტი რომ თანამედროვე პოეზიას არა ჰყავს, ეს ძველი ამბავია, თუმცა არც შემთხვევითი. 
 გამოგიტყდებით,  რომ ამ მიმართულებით  საგანგებოდ, ბევრს ვმუშაობ.
  არც მარადიულ, საყოველთაო თემებზე მითქვამს უარი,  თუმცა ქართულ პოეზიაში ნაკლებდამუშავებულ ან საერთოდ დაუმუშავებელ თემას ვეძებ ყველგან და ყველაფერში, იგივე შეიძლება ითქვას ფორმაზე, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ იშვიათ თემას იშვიათსავე ფორმას ვურჩევდე. უფრო პირიქით.  ვივიწყებ სახარებისეულ შეგონებას და თუ ფორმა ახალია, ვცდილობ ძველი ღვინო ჩავასხა შიგ და პირუკუ ახალი სათქმელი ძველი ფორმით გადმოვცე, რომ ისედაც თითებზე ჩამოსათვლელმა  ჩემმა  მკითხველმა მეტისმეტად არ იუცხოოს და  სულ არ გამექცეს. 
ერთხელ ინტერვიუში ასეთი რაღაც მკითხეს- 
ვუბრუნდები თუ არა ერთსა და იმავე თემას და ვამუშავებ თუ არა ახლიდან.
 მაშინ დაუყოვნებლივ ვიუარე და ახლა კი შემრცხვა…
აგერ ვიპოვე ნიმუში

დღეს მონსტრზე  პეტრარკული სონეტი დავდე , გამახსენდა, რომ იგივე თემა ასე, ოცი წლის წიაც მქონდა დამუშავებული, ოღონდ სულ სხვანაირად. ის კი ვეღარ გავიხსენე, ვის ეძღვნებოდა ეს , ჯ” ვინაა.

 ნინო დარბაისელი


უმარილოა  ცრემლი  ჩემი

                                                  (ჯ.-ს)

კარგია, არა?!
თითქოს წყაროს წყალს კი არ სვამდეთ,
უკვდავება ჩაგდიოდეთ
გამომშრალი ყელის გავლით
მუცლის ძირამდე.

კარგია, არა?!
ივსებთ თუნგებს და
ივსებთ დოქებს და
ივსებთ პეშვებს და
პირზე ისხამთ,
გულისპირს დაგდით,
ტალახში ფეხიც გიცურდებათ,
ძირსაც ეცემით,
დგებით,
ერთმანეთს წამოაყენებთ
და ისევ ხარობთ
ცივ ალმასებში,
მზის შხეფებში,
ცისარტყელებში
ჟრიამულით არეულები.

მე ურჩხული ვარ.
და რა არის,
გაზაფხულობით,
ერთხელ წყვდიადი მივატოვო,
ზეცას ავხედო ცალი თვალით,
თითო ნინველა შევიწირო,
გამოვიზოგო,
მერმის ამ დრომდე
გამოვიტირო ცხარე ცრემლით,
ჩემს მიწისქვეშა სიმარტოვეში
თავიც ცოცხლად გამოვიტირო.

ვიდრე შეჭამდე,
შენი სარჩო უნდა გიყვარდეს.

კარგია, არა?!
უმარილოა  ცრემლი ჩემი,
რადგან შორია თქვენგან
ჩემი გამოქვაბული.
მერე,
გზადაგზა წმინდავდება,
თქვენთვის სარგოსაც
ბევრ შეირევს,
კლდის ნაპრალებში გაცივდება
ამოხეთქვამდე.

კარგია, არა?!
სადაც წყალია,
იქ ურჩხულიც ვიგულისხმები.
იგულისხმება
თქვენი მხსნელიც,
ცეცხლიც,
სისხლიც,
ჩემი სიკვდილიც.

დაგრჩებათ წყალი
და ის წყალიც გამოილევა,
თქვენც დაილევით,
ჩვენი ამბავიც დაილევა,
ჯერ კი,
ჯერ კი...
კარგია, არა?!
კამკამაა.
სვით,
გაიხარეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი