მარინობანა


#ლექსები
Marina Nasaridze

ნინო დარბაისელი

მარინობანა

ბავშვურ თამაშებს რა გამოლევს!
მაშინ ვიზრდებით
და ღვთის შეწევნით, კიდეც ვბერდებით,
როცა ცხოვრება ისეთი ხდება, 
 რომ წამდაუწუმ მოზრდილად გვითხოვს
და არაფერი, 
აღარაფერი  გვეთამაშება.

გითამაშიათ ბავშვობაში მარინობანა?

მარინობანა რომ ითამაშო,  
ჯერ უნდა იყო ნამდვილი მხეცი, 
სახლში კედლებზე უნდა დარბოდე,
ასევე ჭერზეც, 
დედ-მამიშვილ-სტუმრებიანად
და უნდა გყავდეს
მამიდა და  მამიდაშვილი
ბალერინა,
სათნო, 
ლამაზი, 
სიფრიფანა,
მთლად ეტიკეტის სახელმძღვანელოს პრაქტიკული,
ხორცშესხმული მაგალითი
და უფროსები დასაწყნარებლად
მალ-მალე უნდა მოგიწოდებდნენ,
კარადის თავზე აძრომა და  რიგ-რიგობით გადმოხტომა - 
 - უზრდელობაა,     
აბა, მარინა მაგას იზამდა?

ეს ყველაფერი ხდებოდა სახლში, 
სადაც  ნიადაგ ხმარებული,
მაგიდაზე დასვენებული,
 სულშესაბერი წმინდა იოდი,
თავის თარომდე  ვერასოდეს ვერ მიდიოდა.
და მე ვფიქრობდი:
-რა ბედნიერი ვიქნებოდით, 
ამ ქვეყანაზე  მარინა რომ არ ყოფილიყო!

გითამაშიათ მარინობანა?

ხანდახან,
როცა უფროსები მარტო  გვტოვებდნენ, 
საუკეთესო რაღაცეებს ჩავიცვამდით, 
  დედის მაღალქუსლიანებსაც, 
მძივებსაც  სულ  ზედ ავისხამდით,  
არც  პომადას დავივიწყებდით,  
გამოვაძრობდით უჯრიდან სუფრას, 
  ქათქათას,
 ვარდებნაქარგებიანს,
გამოვიღებდით  ჩაის სერვიზს სერვანტიდან ძალიან ფრთხილად, 
გავშლიდით ზალის მაგიდაზე, 
შუქს  წყნარ-დაბალზე დავაყენებდით, დავსხდებოდით
და ვსაუბრობდით გაწელილად,
 ტუჩების პრანჭვით:

"- მოხარული ვარ თქვენი სტუმრობის!
-  ო, ქალბატონო დედიკო,  ჩაის ხომ არ ინებებთ?'
- შესანიშნავი ბუკეტია, არომატული!
 - კაკლის მურაბა ხომ არ მოგართვათ?
და მისთ.,
ანუ მთლად მისთანანი.

მარინობანას - ორი უნდა,
მარინობა კი  მარტოობაში  ითამაშება.

და მე ვფიქრობდი:
-  მეც გავიზრდები და  გავხდები მართლა მარინა, 
მეც - ბალერინა,
და მარტო მყოფი ვღიღინებდი სამზარეულოს რადიოდან დასწავლულ ჰანგებს, 
საძინებლის დიდი სარკის წინ ფეხისწვერებზე, 
მარინობისთვის საიდუმლოდ ვემზადებოდი!

 და ჩემთვის  დიდხანს,
ძალიან დიდხანს
 ამქვეყნად ყველა ბალერინა იყო მარინა.
ეს ლექსი რაღამ დამაწერინა?!

ცხოვრებამ ასე მოიტანა, 
დღეს  ჩვენს,
 დებსა და  მარინას შორის ლოკალები სამკუთხედად  რომ შეაერთო,
მაშინ ორივე ჰემისფერო უნდა მოიცვა.

ცოტა ვიწვალე, 
ბევრი ვიწვალე, 
თავიც ვიყავი,
როლიც  ბევრი გამოვიცვალე,
ცხოვრებამ ბევრჯერ მალხინა და ბევრიც მაშია.
ბევრჯერ შემსვლია მდნარი თოვლიც თბილ ჩექმაშია, 
ხან ისე იყო, კართან მედგა წყვილი რაშია,
ბევრჯერ მქონია მაქმანია თუ მარმაშია,
და ახლა ვფიქრობ:

- ნეტა მარინას მარინობა უთამაშია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი