დოლი მთაში


#ლექსები
ნინო  დარბაისელი

დოლი მთაში

(შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG) 

გახსოვს კაცი, სიყვარულზე მბჭობი?
სკვერში მჯდომის ხმამაღალი ფიქრი:
არ გაწყდება ქვეყანად  მჯობის-მჯობი,  
თავდაღმართში შენც - თავდაღმა  მიჰქრი!

კიდევ კარგი,  რომ სიბრიყვით ვიწყებთ.
სცადე,   ბოლოს სიბრძნეს   დაემალე!
დავიწყება ელის დასავიწყებს, 
უბრიყვოდ კი  - გავწყდებოდით მალე. 

გაზაფხულზე, გახსოვს?- დილა-სისხამს  
მთა-მთა წყვილად ჩვენი ხეტიალი, 
ბევრჯერ ვნახეთ,   კვირტს რომ მაინც ისხამს
ნამეხარი, შავი  ხე-ტიალი. 

ცხვრის ბღავილი?  ცა - ნავალი?  დოლი?
დღეს?! -  ენისქვეშ  - გიდევს - ვალიდოლი.

- - - - - - 
აი, მოცლილი კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, არა!
მოწყენილი ვიყავი, დაღლილი. რა ვქნა, რა ვქნა,  დაძინება ადრეა- მეთქი. ვიპოვე ინფორმაცია და შექსპირული სონეტის რიტმულ სქემაზე ავაგე.

https://rustavi2.ge/ka/news/340833

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი