სტარბაქსული


#ლექსები
ამ  ძველი ლექსის დაწერის ისტორია მახსოვს.
ჩემი მეგობარი პოეტი, რომელმაც რაღაც გზებით ამერიკამდე, ნიუ იორკამდე ჩააღწია, ღამით დამიკავშირდა და მითხრა,  სტარბაქსის კაფე უკვე იკეტება და არ ვიცი, ღამე სად გავათიოო.
(ნიუ იორკიდან ჩემამდე დაახლოებით ის მანძილია, რაც პეტერბურგიდან - თბილისამდე).
თან იმდენი გაჭირვებული  ნათესავი, მეგობარი თუ ახლობელი მყავს ამერიკაშიც და საქართველოშიც, ჩემს წონა  ფულად და ოქროდ რომ ვიქცე, მეასედსაც ვერ გავწვდები. .. ასეთია რეალობა სამწუხაროდ!

ნინო დარბაისელი

სტარბაქსული
- - - - - - 

ყელში ამოსული გზები - დაქსაქსული,
ყოფა - დათარსული,
ყავა - ,, სტარბაქსული”.

- ბროდვეიზე ღამე გაგიტარებია?
რა ხმებია, იცი, რა გიტარებია?

მსოფლიოა მთელი, გალაკტიკებია!
ყველა, ვინც სიმღერას გადაჰკიდებია,

იმედებით მოდის, მოსდევს თავის ვარსკვლავს,
ვარსკვლავივით წყდება, თავს ამ ქუჩას აკლავს,

იმღერებს და თვალებს ცრემლით დაგიოსებს.
რა გამოლევს ღამით ქუჩის გენიოსებს!

არ სჭირდება ბევრი, მიეც, თუ გაქვს  ,,ქეში",
წავა სამოთხეში, ვიდრე დასცხებს თქეში,

შენც ეძიე  სადმე თავის შესაფარი,
თორემ, ხედავ,  უკვე აღარ ხუმრობს ქარი.

- ესეც ამერიკა, შენი საოცნებო!
ლამის არის, ბრძოლას თავი მიანებო...

დაგაქვს გულით ისევ ლექსის პწკარედები,
უცხო სიტყვებს რითმავ, მიედ-მოედები,

იქ- სამშობლოს ბაგას გულმწუხარედ ები,
აქ - უცხოეთს  - ისეც ჰყოფნის პოეტები.

ნეტავ შენთან ერთად ღამე მეც მეთია!
პოეტი ხომ ყველგან მუდამ ზედმეტია.

ყელში ამოსული სული - დაქსაქსული,
ყავა - ,,სტარბაქსული”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი