ნადირობა


#ლექსები

ნინო დარბაისელი 

ნადირობა
(ციკლიდან - ეტიუდები)

ლომს ჰგონია, 
მარტოა და მარტო დადის,
თვით განაგებს ირგვლივ არემარეს.
 მოშივდება?
 - ნადირობს და დააცხრება, 
შეექცევა ნადავლს  სისხლმდინარეს, 
მიეგდება მერე ძილად, 
ყოველ ჯერზე ძლივსდამძლევი მადის,
ვინც რომ ლუკმას მუდამ ბრძოლით მოიპოვებს, 
იღლება და დასვენებაც სწადის.

შორიახლო მას ტურების მისდევს ხროვა,
ოდითგანვე ტოლს ემხრობა ტოლი,
 და დაეძებს, ვინც სუსტი და უსახსროა,
მოშიშია ხაფანგის თუ ბადის,
ამიტომაც თავს გასწირავს რად ის?
ვის შეებას?
ლომს იპოვის? - 
აი  ხსნა და აი  შვება,
არ ეშვება, შანსი როგორ გაიშვება!
დაიცდის და სხვის ნადავლზე იგეშება. 
ასეთია თურმე ბედი შიშში დანაბადის.
და შეჰხარის ლომის ტორებს, 
(ჭკუა ჰყოფნის,  თავს არასდროს გაუტოლებს), 
თუ  დაბერდა ან დასუსტდა - მიატოვებს,
ერთგულება შეუძლია თუ რა?!
დაბადებით ასეთია ტურა.

მორალი:

ჩვენში დარჩეს, 
ტურა  მუდამ ელოდება ლომის ნარჩენს,
ანუ  ხროვას   ადევნებულს 
ოდითგანვე 
მარტოსული  მეომარი არჩენს, 
ღმერთი გადაარჩენს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი