პანდორას გაზაფხული
#ლექსები ნინო დარბაისელი პანდორას გაზაფხული აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი, ან ეს მიხვედრა რაღად მინდა! როცა გულის ყველა კუნჭული მიმოვიჩხრიკე, გამოვიცალე და ის-ის იყო ამოვისუნთქე, ჩავიხედე და რა დავინახე: გულის პირსა და სარქველშორის ფრთამოყოლილი ჩრჩილი - იმედი შიგ ჩამრჩენია. იქნებ გადარჩეს, სადმე თავის გზას ეწიოს-მეთქი, ცალფრთა იმედი ქვაზე დავსვი და თითები ფრთის მტვრისაგან გავიცალე სულისშებერვით. აქამდე როგორ ვერ მივხვდი-მეთქი: არა ზანდუკი ან ზარდახშა უცხო რამ თვლებით მოოჭვილი, ჩვენი გულია მხოლოდ ყუთი პანდორასი და ზოგჯერ, როცა გაზაფხული მოგვივარდება და სიზმარ-ცხადს მაგრად აგვირევს, შეგვინჯღევს და შეგვიჯანჯღარებს, რა კლიტე, ანდა რა გასაღები! დაგმანული შიგნიდან სკდება და გზახსნილიდან გამოვარდნა-გამოფრენას ვინ დაახანებს! და აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი-მეთქი, რომ ტრაგიკული დასასრულის მოლოდინში რუტინა ხსნაა. იმ პანდორასაც, ქმარ-შვილი კი არ დაეუბრა სამარადისოდ, მარადისობად თვით ის წუთები გაიწელა, თავს რომ წაადგნენ. დაზაფრულობის პირველმა ტალღამ გადაიარა, ეპიმეთემაც - პანდორას ასე, ხელჩაქნევით: - გეყოფა! დროზე გაინძერი, დაღლილი ვარ, წყალი დამისხი და ჩემი პური მომიტანეო!" ახლა კი თითქოს, რაც შეიძლება, გულგრილად და გამოუთქმელად ვიღაცის წერილს გიკითხავდე, მაგრამ ხმას მაინც საიდანღაც უცხო ქვითინის ექო მოსდევდეს, ისე გაისმის: ,, -,მაპატიე, მე არ მინდოდა... გემუდარები, ხმა გამეცი! " აი, ასეთი, მაგრამ მაინც გაზაფხულია! 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი