ვირ-აქლემური
#ლექსები ნინო დარბაისელი ვირ-აქლემური (იგავი- შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg) მექარავნეებს უდაბნოს ქვიშას აყრიდა ქარი და ქარავანს ზურგდატვირთული ერთი აქლემიც ერია. აღმართს აყოლილ მოძმეებს ნაბიჯი რომ გაარიდა, კლდის თავზე ცეკვა დაიწყო, თქვა, ყოფა მშვენიერია! ცეკვავდა თავდავიწყებით, თითქოს არც იყო ციცაბო. ეს დაინახა ვირმა და ყროყინი მორთო ხმამაღლა: - ეგ - ხრამში გადავარდება, მე ვიცი, ალაჰს ვფიცავო, თან ზურგზეც ტვირთიც ჰკიდია, მალე მოუწევს გადაღლა. - რა გაყროყინებს, შე ვირო!- გაუწყრა ქარავანბაში - გაუშვი, ცეკვავს თავისთვის, მერე რა, ტვირთიც ჰკიდია. არავის აცლი გართობას, მტერი ჩავარდეს შენს ყბაში. დღეს ვართ, ხვალ - ყველა გავქრებით, განა სოფელი - დიდია! - თავს ვერ დაიჭერს ბილიკზე, რა მაყროყინებს, რა მინდა? მის ტვირთსაც მე ამკიდებენ, რომ ამოკრეფენ ხრამიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი