რომაულები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 რომაულები

(შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg)


მემკვიდრეობის გაყოფისას შეიცნობ და- ძმას.
მეგობარს  - მაშინ, როცა ჭირი კარს მოგადგება.
მეუღლეს -  როცა დაშორდები -  არც შენ და არც მას
და ჯანმრთელობას - თუ მოგიწევს სნეულად გდება.

შვილების რა ვთქვათ?  - მოხუცება აგიხელს თვალებს, 
ნახავ,  თუ ხშირად გკითხულობენ, ზრუნავენ ისევ, 
თუ გაკმარებენ სიტყვებს, შორით შემონათვალებს. 
ასეა ყველა  - გულის  დარდებს ნუკი დაისევ.

მშობლის -  ფასს იგებ, როცა  ქვეყნად არ გეგულება.
ჭერის ფასს - როცა აღარა გაქვს ამქვეყნად ბინა.
უსამშობლოოს  - გინათდება  გვიან გუნება. 
ფასი თავისა - ნეტა  არც  კი გაგაგებინა!

ახალგაზრდობა  -  გაილევა, უცებ ბერდები
და კვდები  -  თითქოს იბადები, ბედნიერდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი