პომპეი. ორი


ნინო დარბაისელი

პომპეი. ორი
- - - - 

   (პომპეის გამოფენაზე ვნახე ჩახუტებულად გაქვავებული წყვილი. სავარაუდოდ, მდიდარი მეომარი და მეძავი.
    პომპეი განთქმული იყო თავისი საროსკიპოებით და შიგ  ტყვე-ქალებს ამუშავებდნენ)

- ამასობაში ბოლო დღეც დადგა.
ვერ გადავრჩებით ვერცერთი, რადგან

მთიდან დაიძრა მხურვალე ლავა!
ლავამ ქვეყანა ააყირავა.

გრიალით მოდის  გრიგალი-ცეცხლი!
სულ ოხრად რჩება ეს ოქრო-ვერცხლი.

სისულელეა თურმე ყოველი,
რისთვისაც ვიბრძვით, რასაც მოველით.

მოკვდა, ვინც ბოლო ძალი მოიცა
და ისიც, ვინაც მხდალად მოიქცა.

არც გასაღწევი არა ჩანს არსად,
რას მოვეწიე სიცოცხლის ფასად!

აქ რა მინდოდა, რამ მიმიყვანა!
ფეხქვეშ მეფინა მთელი ქვეყანა...

ფერფლით პირსავსეს  ფეხიც მეფლობა.
ვინ დააბრალა შავ ფერფლს - ფერფლობა!

- აი, სად შევხვდით! მო, მეომარო,
შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო!

დანგრეულია ჩვენი პრიტონი,
აღსასრულის წინ  - ვართ უკლიტონი!

ვერავინ მეტყვის, “ო,  მე რომ არო”...
არ გინდა ქალი? მო, მეომარო!

ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი,
შენ - მამაცი ხარ, მე კი  - მეძავი.

ბევრი იამე  - ასოს დასობით,
მეც  - ნაამები  მყავდა ასობით.

რაღა დროსია რიდი და კდემა,
როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება!

მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია,
 ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია.

ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა...
სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა!

დე, ვიდრე სული შეგვეხუთება,
მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება!
 ...
გაქრა პომპეი,  ხვედრი წყეული
ერგო, ორიოდ ათასწლეული
ერთად გორავდა მართალი, ჭორი.
ექსპედიცია გახევებულა,
აუზიდიათ როდესაც მორი,
ჩახუტებულად გაქვავებული,
მორქვეშ სხეული იპოვეს ორი.
- - 

ილუსტრაცია - ვ. ბრიულოვი “ პომპეის დაცემა”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი